პატრულ-ინსპექტორები რუსთავში

0
295

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის – „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ -ფარგლებში, რუსთავის კერძო სკოლა „მილენიუმის“ და გორის რაიონის სოფელ შავშვების საჯარო სკოლის მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილები ჩაუტარეს.

სპეციალურად გადამზადებულმა პატრულ-ინსპექტორებმა მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის წესები დეტალურად აუხსნეს და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სამართალდამცველებმა მოზარდების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს.

პატრულ-ინსპექტორებმა მოსწავლეებს საპატრულო ეკიპაჟის ავტომანქანები და აღჭურვილობა დაათვალიერებინეს და საპატრულო პოლიციის საქმიანობის სპეციფიკა გააცნეს.

შსს-ს წარმომადგენლებმა მოზარდებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში დამზადებული პრომო-მასალა და სიმბოლური საჩუქრებიც გადასცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ფართომასშტაბიანი კამპანია 2015 წელს დაიწყო. კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

კომენტარები გამორთულია