საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია შეშფოთებას გამოთქვამს ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ზეწოლის გამო

0
162

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია GRMA შეშფოთებას გამოთქვამს ასოციაციის წევრი მედია ორგანიზაციის, www.svanetiinfo.ge ჟურნალისტის მიმართ ლენტეხის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა მხრიდან განხორციელებულ ზეწოლის გამო.
როგორც თავად ჟურნალისტი, ცოტნე მუსელიანი აღნიშნავს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ამირან (ჟორდან) ჯამბურიძე მის პროფესიულ საქმიანობაში უხეშად ერევა: ჟურნალისტს საჯაროდ მოუწოდებს „გონს მოეგოს“ და რაიონის ამბები გარეთ არ გაიტანოს.
ცოტნე მუსელიანის განცხადებით, მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელი ვებპორტალი svanetiinfo.ge დაფუძნდა და კრიტიკული მასალები გაჩნდა, გამგებლის მხრიდან მუდმივად ისმის მუქარა.
„გაზეთ „სვანეთში“წლების განმავლობაში ვმუშაობდი, რომელიც გამგეობის ტენდერში მონაწილეობდა, თუმცა გამგეობის ხელმძღვანელი პირების მხრიდან მუდამ იყო მინიშნება, რომ გაზეთი, რომელიც სუბსიდიას თვითმმართველობის ბიუჯეტიდან იღებს, არ აქვს უფლება კრიტიკული აზრი დააფიქსიროს. ამის შემდეგ, წამოვედი ამ გამოცემიდან და დამოუკიდებელი ვებ პორტალი დავაფუძნე. ცოტა ხნის წინ სავარაუდო ნეპოტიზმის შესახებ სტატია გამოვაქვეყნეთ, რასაც კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა მოჰყვა. გამგებლის მხრიდან რეგულარულად ხდება ჩემ მიმართ საჯარო ზეწოლა. მივიჩნევ, რომ ეს არის პროფესიულ საქმიანობაში უხეში ჩარევა, რასაც რეაგირება უნდა მოყვეს,“ – განმარტავს მუსელიანი.
საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია მოუწოდებს ხელისუფლებას აღკვეთოს ცალკეული ჩინოვნიკების მხრიდან ჟურნალისტურ საქმიანობაში უხეში ჩარევა და ხელი შეუწყოს ადგილობრივ დონეზე დამოუკიდებელი მედიის მუშაობას.
ასოციაცია მოუწოდებს უფლებადამცველებს, საერთაშორისო და მედია ორგანიზაციებს მხარი დაუჭირონ სვანეთში ერთადერთი დამოუკიდებელი გამოცემის მუშაობას.

კომენტარები გამორთულია