გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

0
90

საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით სამინისტრომ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით, შეიმუშავა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 20 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო. კოდექსის პროექტი სრულიად ახლებურად არეგულირებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკითხებს. კერძოდ:

 მოხდა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობების გაზრდა და განხორციელდა მათი რანჟირება მასშტაბებისა და ზემოქმედების ხარისხის მიხედვით.

 დაინერგა სკრინინგის პროცედურა რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქმიანობის განმახორციელებელს დაზოგოს ფინანსური რესურსი და დრო, იმისათვის, რომ წინასწარ არ მოამზადოს გზშ-ს სრული ანგარიში ისეთი საქმიანობისათვის, რომელიც შესაძლოა საერთოდ არ დაექვემდებაროს გზშ-ს.

სკოპინგის პროცედურით კი საქმიანობის განმახორციელებელს მიეცემა შესაძლებლობა დაგეგმოს ბიუჯეტი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მოსამზადებლად და არ გაიღოს ზედმეტი ხარჯები ისეთი კვლევების ჩასატარებლად, რომელიც არ არის აუცილებელი გზშ-ს მოსამზადებლად.

 გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება რომელმაც ჩაანაცვლა გარემოზე ზემოქმედების ნებართვა გამოეყო მშენებლობის ნებართვას თუმცა ამავდროულად საქმიანობის განმახორციელებელს მიენიჭა უფლება პარალელურ რეჟიმში გაიაროს მშენებლობის ნებართვის პროცედურები.

 კოდექსს შემოაქვს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სისტემა, იმისათვის, რომ სხვადასხვა სექტორების დაგეგმარების პროცესი მიმდინარეობდეს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის ასპექტების გათვალისწინებით.

 კოდექსი ითვალისწინებს, სრულიად ახალი, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის შემოღებას რომლის შესაბამისად, საქმიანობის ან სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით უცხო ქვეყნის გარემოზე ზემოქმედების დროს, უზრუნველყოფილი იქნება აღნიშნული სახელმწიფოს ჩართულობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

 სრულიად ახლებური მიდგომები ყალიბდება საზოგადოების ინფორმირებისა და ჩართულობისათვის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

ერთ-ერთი მთავარი სიახლე არის სწორედ ის, რომ საზოგადოების მონაწილეობა უზრუნველყოფილია გადაწყვეტილების მიღების ყველა ეტაპზე. აღსანიშნავია, რომ საზოგადოების ინფორმირება და საჯარო განხილვის ორგანიზება იქნება არა საქმიანობის განმახორციელებლის, არამედ, სახელმწიფოს, კერძოდ, სამინისტროს ვალდებულება. ამით უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოების უფრო ეფექტიანი მონაწილეობა და ამასთან, საქმიანობის განმახორციელებლები გათავისუფლდებიან ამ ტვირთისგან.

კოდექსი სრულად ჰარმონიზებულია ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან, აგრეთვე მაქსიმალურად არის მორგებული ქვეყნის საკანონმდებლო სივრცესა და რეალობას.

კომენტარები გამორთულია