კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მიღების სურვილი მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა გამოთქვა

0
346

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მიღების მსურველთა განაცხადების წარდგენის ვადა ამოიწურა.  როგორც „ტელეგრაფს” კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, არჩევნებში მონაწილეობის სურვილი მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა, კახი ბექაურმა გამოთქვა. შეგახსენებთ, კახი ბექაური ამჟამად კომისიის წევრია, წლების განმავლობაში სხვადასხვა ტელეკომპანიაში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა, ის ყოფილი ტელეწამყვანის, ეკა ბერიძის მეუღლეა.

არჩევნები 2017 წლის 2 მაისს 17:00 საათზე დაინიშნა. მოქმედ თავმჯდომარეს ვახტანგ აბაშიძეს უფლებამოსილების სამწლიანი ვადა 2017 წლის 19 მაისს ეწურება.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრს ექვსი წლის ვადით ირჩევს საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომისიის თავმჯდომარეს კი ირჩევს თავად კომისია, ასევე, სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით, სამი წლის ვადით. კომისიონერის თავმჯდომარედ არჩევა მხოლოდ ერთი ვადით შეიძლება. თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის უფლება კომისიის ყველა წევრს აქვს.

კომისიის თავმჯდომარის არჩევნების ხმის დამთვლელი კომისია ყალიბდება კომისიის გადაწყვეტილებით და ის დაკომპლექტებულია კომისიის აპარატში დასაქმებული პირებით.

კომიის წევრთა ამჟამინდელი შემადგენლობა ასე გამოიყურება:

ვახტანგ აბაშიძე – კომისიის თავმჯდომარე

კახი ბექაური – კომისიის წევრი

მერაბ ქათამაძე – კომისიის წევრი

გიორგი ფრუიძე – კომისიის წევრი

ელისო ასანიძე – კომისიის წევრი

შეგახსენებთ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა, ისევე როგორც წევრობა, ყველაზე მაღალანაზღაურებადია საქართველოში.

ვახტანგ აბაშიძის 2016 წლის წლიურმა თანამდებობრივმა სარგომ 255 425 ლარი შეადგინა.

კახი ბექაურის –  242685.73 ლარი

მერაბ ქათამაძემ  – 168069.80 ლარი წევრობისთვის, ხოლო თავმჯდომარის კონსულტანტის პოზიციაზე 6531.25 ლარი მიიღო.

გიორგი ფრუიძე – 181206.90 ლარი.

ელისო ასანიძემ – 187203.43 ლარი კომისიის წევრობისთვის, ხოლო კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობრივი სარგო 36705.76 ლარი.

(C) Telegraph.ge

კომენტარები გამორთულია