დედამიწის დღეს ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებიც შეუერთდა

0
1842

დედამიწის დღეს ქვემო ქართლის სამი მუნიციპალიტეტი შეუერთა. დედამიწის დაცვის საქმეში მარნეულმა, ბოლნისმა და დმანისმა თავისი წვლილი შეიტანა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვრამეტივე ადმინისტრაციულ ერთეულში მოეწყო მასშტაბური დასუფთავების აქციები. დასუფთავდა დაბინძურებული ტერიტორიები, ღირსშესანიშნავი ადგილები და ცენტრალური მაგისტრალები. დასუფთავების აქციაში მონაწილეობდა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან და  თანამშრომლებთან ერთად, კერძო სტრუქტურის წარმომადგენლები, ადგილობრივი მოსახლეობა, სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და ახალგაზრდები.

რაც შეეხება ბოლნისს, იქ კომუნალური მეურნეობისა და სატყეო სამმართველოს თანამშრომლებმა მასშტაბური აქცია მოაწყვეს.  დასუფთავების აქციის ფარგლებში,  ნარჩენებისგან გაიწმინდა სოფელ ჭაპალის ჭალის ტერიტორია და სოფელ ბოლნისიდან ფოლადაურისკენ მინავალი ცენტრალური გზა.

,,მოგეხსენებათ ,,დაასუფთავე საქართველოს“ ფარგლებში, ჩვენ მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან ერთად,  ყოველ კვირას, ვახორციელებთ  ერთი ლოკაციის დასუფთავებას.  დღეს კი გამოვეხმაურეთ დედამიწის დღეს და  მოვახდინეთ ორი ლოკაციის გაწმენდა.  ჩვენ ვიმყოფებით ჭაპალის ჭალაში, მეორე ჯგუფი რომელიც შედგება სატყეო სამმართველოს თანამშრომლებისგან, ასუფთავებენ  სოფელ ბოლნისის გზას.  ამ სოფელში და ზოგადაგ ბოლნისის ყველა სოფელში არსებობს ურნები, მოძრაობს  კომუნალურის მანქანა, რომელიც ახდენს ნარჩენების გატანას, თუმცა  მოსახლეობის ნაწილის დაუდევრობით ხშირია  სპონტანურად შექმნილი ნაგავსაყრელები. ამიტომ,  მაქსიმალურად ვცდილობთ ავუხსნათ  თუ რამდენად მავნეა მათი ჯანმრთელობისთვის   დაბინძურებული გარემო რომლითაც ისევ თვითონ სარგებლობენ“,-განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის კომუნალური მეურნეობის სამსახურის უფროსმა შმაგი სვანიძემ.

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობის და ა(ა)იპ სამსაურების თანამშრომლებმა, სოფელ პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. მოხდა პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა. აქციას შეუერთდა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ქვემო ქართლის სატყეო სამსახური და კამარლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები. აღნიშნული კამპანიის მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, სუფთა და ჯანმრთელი საცხოვრებელი გარემოს შექმნა. მოსახლეობის გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა. შეგროვილი ნარჩენების ტრანსპორტირება მოხდა ააიპ კომუნალური სამსახურის მიერ. სისუფთავეზე ზრუნვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ შრომატევად საქმეს მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით ა(ა)იპ კომუნალური სამსახური ემსახურება. ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს ქალაქის დასუფთავება, რეგულარულად ხდება ნარჩენების გატანა როგორც ქალაქის უბნებიდან, ისე სოფლებიდან. მუნიციპალიტეტს ორი ახალი ნაგავმზიდი მანქანა ემსახურება. დაიდგა ახალი ურნები.

 

NO COMMENTS