რას შეცვლის ახალი გუბერნატორი

0
1634

მიუხედავად იმისა, რომ ქვემო ქართლის ყოფილ გუბერნატორს საქმიან, აქტიურ და ენერგიულ მმართველად მოიხსენიებენ, მავანნი ხიზანაშვილს სუსტ პოლიტიკოსთა რიგებს მიაკუთვნებენ და თვლიან, რომ არჩევნებში ქვემო ქართლიდან მმართველი პარტიის არც თუ ისე დიდი უპირატესობით გამარჯვება მის კისერზეა. დადებითი პიროვნება, სუსტი პოლიტიკური გამოცდილებით. ის არც ბინძურ გარიგებებში მოიაზრებოდა და არც დესპოტი ხელმძღვანელი იყო, მაგრამ არ ჰქონდა მთავარი- პოლიტიკური შარმი. არასდროს ერეოდა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელთა გადაწყეტილებებში, მეტიც, ხშირად მის ადმინისტრაციას კლასიკური გაგების „კანცელარიასაც” კი უწოდებდნენ, მინიმალური ავტორიტეტით. ეს იმ მხარეში, სადაც ყოფილი გუბერნატორების მონაპოვარზე, წლების განმავლობაში, მმართველი პარტიების ხმების პროცენტები განისაზღვრებოდა.

ვინ იქნება, ან ვინ უნდა იყოს ახალი რწმუნებული, ამის გარკვევა არც ისე მარტივია ამ ეტაპზე გამომდინარე იქიდან, რომ, როგორც ამბობენ საკადრო ცვლილება არა ვინმეს მოსაყვანად, არამედ ერთის წასასვლელად განხორციელდა. კანცელარიაში CV-ებს განიხილავენ. გადაწყვეტილების მიმღებთა მაგიდაზე ათამდე ასეთი ფურცელია. შეფასების შკალა მაქსიმუმამდეა აწეული, რეგიონს ძლიერი ხელი, (კულტურისა და სპორტის მინისტრი, ასე მოიხსენიებდნენ ხიზანაშვილს ხშირად, კი არა), პოლიტიკური მმართველი და ავტორიტეტი სჭირდება.

რეგიონში მიაჩნიათ, რომ ახალი კადრი ძალიან კარგად უნდა იცნობდეს მხარეს, სწორედ ამიტომ ამოსაცნობთა წრე ვიწროა, თუმცა კარგად დაფარული. გურამ ამირიძემ, რომელიც ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრება და რომელსაც რუსთავთან ბიოლოგიური კავშირები აქვს, რაიმე სახის შეთავაზების არსებობა უარყო. ცნობილია მეორე სავარაუდო კანდიდატი, რომელიც ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფება, გოჩა ცოფურაშვილი, ის აღნიშნულ პოზიციაზე თითქმის ერთი წელია მოიაზრება. ამირიძისგან განსხვავებით, ცოფურაშვილს მხარესთან მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აკავშრებს, მას ქვემო ქართლის რამდენიმე მუნიციპალიტეტსა და ადმინისტრაციულ ცენტრში სხვადასხვა დროს, სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობა ეკავა.

სამხარეო ადმინისტრაციაში განხორციელებულმა ცვლილებებმა ყველაზე მეტად რუსთავის პირველი პირები ააღელვა, ამბობენ „კარგი დღე” არც მათ ადგათო… პარტიამ ხიზანაშვილს ჯიქიას მფარველობა ვერ აპატიაო. სწორედ ამიტომ, მთავარი კითხვა, ვისი გუნდიდან იქნება გუბერნატორი, ყველაზე მეტად მათი თავის ტკივილია. სავარაუდოდ, აღნიშნულმა წინასაარჩევნო გადაადგილებამ უნდა დააკომპლექტოს ახალი გუნდი, რომელიც რეგიონის მოსახლეობამ კარს მომდგარ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე უნდა აირჩიოს. ამ მხრივ კი, ყველაზე მძიმე პოლიტიკური ფონი რუსთავშია. კულუარებში ამბობენ, რომ პარტიის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერის ბედი გადაწყვეტილია. ოცნება მის შემცვლელს ეძებს.

(C) Telegraph.ge

კომენტარები გამორთულია