ნაპოვნი დათვის ბელი ზოოპარკს გადასცეს

0
350

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, აჭარაში, მოქალაქის მიერ ნაპოვნი დათვის ბელი თბილისის ზოოპარკს მიაბარა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის რეგიონულ სამმართველოში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალიდან მოქალაქემ დარეკა, რომელმაც განაცხადა, რომ სოფლის მცხოვრებლებს, სავარაუდოდ, დათვის ბელის ხმა ესმოდათ.

გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლები მითითებულ ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ და დაახლოებით 2 თვის ასაკის, კავკასიური მურა დათვის ბელი იპოვეს. ბელს არ აღენიშნებოდა არავითარი დაზიანება.

გარემოსდამცველებმა, მურა დათვის ბელი, ბათუმიდან თბილისში ჩამოიყვანეს და ზოოპარკს მიაბარეს.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას – არ წამოიყვანონ ველურ ბუნებაში ნაპოვნი დათვის ბელები. ადამიანებს მიჩვეული დათვების უკან, ველურ ბუნებაში დაბრუნება, რთული პროცესია, რადგან ტყვეობაში მყოფ ცხოველს ეკარგება საკვების მოპოვების ინსტინქტი, ადამიანის შიში და ბუნებაში გაშვების შემთხვევაში, იგი პოტენციური თავდამსხმელი ხდება.

კომენტარები გამორთულია