მთავრობის ახალი დადგენილება საჯარო მოხელეთათვის

0
835

საქართველოს მთავრობამ საჯარო სამსახურში ნახევარ განაკვეთზე მუშაობის, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში, ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობის წესი დაამტკიცა. ეს წესი ეფუძნება  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პრინციპებს. მისი მიზანია, დაცულ იქნეს აღნიშნულ სამუშაო პირობებში დასაქმებულ მოხელეთა უფლებები.

ზემოთ აღნიშნული წესი ოთხ კომპონენტს მოიცავს და შემდეგნაირად ხდება მისი განმარტება:

  • ნახევარ განაკვეთზე მუშაობა – სამუშაო, რომლის ხანგრძლივობა ნაკლებია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ სამუშაო დროის ხანგრძლივობაზე, მაგრამ არ უნდა იყოს დღეში 4 საათზე ნაკლები;
  • ღამის საათებში მუშაობა – სამუშაო, რომელშიც მოხელე დასაქმებულია 22:00 საათიდან 06:00 საათამდე და რომლის ხანგრძლივობაც არ აღემატება 7 საათს;
  • დასვენებისა და უქმე დღეები – საქართველოს ორგანული კანონით – საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული დასვენების დრო და უქმე დღეები;
  • ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველი სამუშაო პირობები – სამუშაო პირობები, გარემო ან/და სამუშაოს სპეციფიკა, რომელიც საფრთხის მატარებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის და განსაზღვრულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.

ნახევარ განაკვეთზე მყოფ მოხელეს უნარჩუნდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები, გარანტიები და მოვალეობები. ასეთი  პირების შესახებ ინფორმაცია საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის მიერ, ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში აისახება. მათი ანაზღაურება კი განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით.

საჯარო დაწესებულებაში ღამის საათებში მუშაობის განრიგს შეიმუშავებს ადამიანური რესურსების მართვის ერთეული და დასამტკიცებლად წარუდგენს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს. ღამის საათებში მომუშავე მოხელეს უნარჩუნდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები, გარანტიები და მოვალეობები. მოხელეს ღამის საათებში მუშაობისათვის ეძლევა კანონით განსაზღვრული სახელფასო დანამატი. დანამატის საერთო ოდენობა  კი  „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით განისაზღვრება.

დასვენებისა და უქმე დღეებში მოხელისთვის მუშაობის დაკისრების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს მოხელის ზემდგომი თანამდებობის პირის წერილობითი დავალება.მოხელეს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისათვის ეძლევა კანონით განსაზღვრული სახელფასო დანამატი.

რაც შეეხება ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში მოხელის გადაყვანა შესაძლებელია დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. ასეთ პირობებში მოხელის გადაყვანა შესაძლებელია მხოლოდ მისი წერილობითი თანხმობით. მოხელეს უნდა მიეცეს სრულყოფილი ინფორმაცია მისი ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი გარემოებებისა და ფაქტორების შესახებ. დაუშვებელია მოხელის გადაყვანა ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში სპეციალური მოსამზადებელი კურსის გატარების გარეშე.  საჯარო დაწესებულების მიერ შესაძლებელია, განისაზღვროს ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებზე ზედამხედველი/პასუხისმგებელი პირი, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით.

ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებზე მოხელის გადაყვანა წარმოადგენს უკიდურეს ზომას და აუცილებლობის არსებობის გარეშე დაუშვებელია.

დადგენილება საქართველოს მთავრობამ 21 აპრილს მიიღო, რომელიც დრს გამოქვეყნდა და ძალაშიც დღეიდან შევიდა.

კომენტარები გამორთულია