როდის წარადგენს მთავრობა ახალ გუბერნატორს და რას აცხადებენ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატები საკადრო ცვლილებაზე

0
962

„ახალი გუბერნატორის წარდგენა ვადებით განსაზღვრულ პერიოდში მოხდება“ – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა სოფო მოსიძემ „ტელეგრაფთან“ საუბრისას აღნიშნა. როგორც მან განაცხადა „ბუნებრივია მიმდინარეობს აქტიურად კანდიდატის შერჩევა და მისი წარდგენაც მას შემდეგ მოხდება, როდესაც გადაწყდება თუ ვინ უხელმძღვანელებს რეგიონს-“, აღნიშნა მოსიძემ.

„ტელეგრაფი“ დაინტერესდა იღებენ თუ არა მონაწილეობას რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატები გუბერნატორის შერჩევის პროცესში და არიან თუ არა ჩართულნი კონსულტაციებში. როგორც 30-ე ოლქის მაჟორიტარი აცხადებს, ის უფლებამოსილების ფარგლებში კონსულტაციებში ჩართულია, რაც შეეხება საკადრო ცვლილებას მას ბუნებრივ მოვლენად აფასებს.

„ჩართული ვარ ყველა კონსულტაციაში, რაც ჩემი უფლებამოსილების შესრულებასთან იკვეთება. საკადრო ცვლილებები ბუნებრივი მოვლენაა და არ უნდა მოხდეს საკითხის ისე აღქმა, რომ რაიმე განსაკუთრებული ხდება. ბატონმა პაატამ შეიცვალა პოსტი იქ, სადაც დღეს უფრო სჭირდება ქვეყანას. წარმატებები მას ახალ დაკავებულ თანამდებობაზე“ – განაცხადა გიორგი ბეგაძემ.

პაატა მხეიძე 29-ე ოლქის მაჟორიტარი საკადრო ცვლილებას პოზიტიურს უწოდებს.

„ცვლილებას ვაფასებ დადებითად, სიტუაციას სჭირდებოდა ალბათ განახლება, ახალი სისხლი. საკმაოდ დიდი გამოწვევები გვაქვს წინ, ვფიქრობთ რომ პოზიტიური იქნება ეს ცვლილება ყველა შემთვევაში. რაც შეეხება კონსულტაციებს, თუ მიმიწვევენ, აზრს დავაფიქსირებ პირუთვნელად“ – ამბობს პაატა მხეიძე.

შეგახსენებთ, რომ ქვემო ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა 18 აპრილს კანცელარიაში გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადება შეიტანა. საქართველოს მთავრობამ კი მისი მოთხოვნა 21 აპრილს დააკმაყოფილა. ამ ეტაპზე ქვემო ქართლის გუბენატორის მოვალეობას პირველი მოადგილე, კახაბერ გუგეშაშვილი ასრულებს.

კომენტარები გამორთულია