ჩინეთის მთავრობა ჩვენი ქვეყნის მეცნიერთა კვლევებს დააფინანსებს

0
232

აბრეშუმის გზის ქვეყნებში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება; თანამშრომლობა ერთობლივი ფუნდამენტური კვლევების განვითარებისთვის; აკადემიური გაცვლითი პროგრამების შექმნა და მეცნიერთა მობილობის ხელშეწყობა – ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რასაც ჩინეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფონდის მიერ შემუშავებული პროგრამის „მეცნიერება-ნიჭი-მომავალი (Science – Talent-Future)” სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს და როლის თაობაზეც დღეს, სამუშაო შეხვედრა ჩინეთის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დელეგაციასთან გაიმართა.

ჩინეთის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მზადაა, აბრეშუმის გზის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან ერთობლივად ორგანიზება გაუწიოს მიზნობრივი აქტივობების განხორციელებას, პარტნიორ ფონდებთან ერთობლივად შეარჩიოს და დააფინანსოს აბრეშუმის გზის ქვეყნების საერთო სამეცნიერო მიზნების მქონე გამორჩეული კვლევითი ჯგუფები. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ინჟინერიისა და ჯანდაცვის დარგებში ინოვაციების განვითარების ხელშეწყობისათვის ჩინეთის ფონდი ასევე აპირებს შექმნას ეფექტური საერთაშორისო კოლაბორაციული საინფორმაციო პლატფორმა და გააზიაროს სტრატეგიული კონსულტაციების, მეცნიერების პოლიტიკისა და განათლების სიახლეები.

აღნიშნული მიზნის განხორციელებას ემსახურება ქ. პეკინში 2017 წლის 2-4 ივლისს დაგეგმილი სიმპოზიუმი, რომელშიც მონაწილეობენ საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციები, სამეცნიერო ფონდები, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოლიტიკის განმსაზღვრელი სააგენტოები და რომლის მუშაობაში მონაწილეობის მოსაღებად მიწვეულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. სიმპოზიუმის ფარგლებში შეიქმნება სამოქმედო გეგმის განმახორციელებელი კომიტეტი, შეირჩევა კომიტეტის წევრები, რომლებიც განსაზღვრავენ პრიორიტეტებს, შეაფასებენ კვლევითი ჯგუფების მიერ წარმოდგენილ განაცხადებს, შეარჩევენ გამორჩეულ სამეცნიერო ჯგუფებს მათი სამომავლო აკადემიური განვითარების ხელშეწყობისათვის.

კომენტარები გამორთულია