მოძრაობა kar.ge-ს დამფუძნებელი წერილს აქვეყნებს

0
272

მოძრაობა KAR.GE-ს დამფუძნებელი ტარიელ ზივზივაძე, რომლის მისიაა საქართველოს მოქალაქეებში საამაყო გახადოს ქართული წარმოების პროდუქციის ყიდვა და ამ გზით გაზარდოს ქართული წარმოების პროდუქციის გაყიდვები, საქართველოს პრეზიდენტის კამპანია – “მოითხოვე ქართულის”, შესახებ ვრცელ წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

პრეზიდენტის ეს საქციელი არის … თვითონ დაარქვით სახელი!

მიუხედავად რამოდენიმე ადამიანის დაჟინებული რჩევისა, რომ ეს სტატია არ გამომექვეყნებინა, მაინც საჯაროდ ვაქვეყნებ ფაქტებს. გთხოვთ ყურადღებით წაიკითხეთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაწერეთ კომენტარი ქვემოთ.

6 აპრილიდან დაიწყო უცნაური მოლოცვების სერია ჩემი მისამართით. მეგობრები, კოლეგები, რომელთაც კარგად იციან რასაც ვსაქმიანობ, მილოცავდნენ იმ ფაქტს, რომ პირველად საქართველოში შეიქმნა დაგროვებითი ბარათი “მოითხოვე ქართული”. ჩემი პასუხი იყო, რომ მოძრაობა KAR.GE არაფერ შუაშია, ეს პრეზიდენტის ინიციატივაა. როგორ? მოდიოდა კონტრშეკითხვა. პრეზიდენტი რომ მხარს გიჭერთ? ხომ თანამშრომლობთ? დღესაც რამოდენიმე ადამიანის “გაკვირვება” მომიწია როცა იგივე ვუთხარი.

3 რამეს გეტყვი პატივცემულო თანამოაზრეებო თავიდანვე და ხაზგასმით:

1. საქართველოს პრეზიდენტის კამპანია – “მოითხოვე ქართული”, თავისთავად უაღრესად დადებითი ინიციატივაა! და ყოველთვის, ყველა პირდაპირი ეთერი იქნებოდა თუ kar.ge -ზე სტატია, ხაზს ვუსვამდი ამ ფაქტს მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული სვლები შეიძლება არ იყოს დიდად შედეგიანი. ამ წერილშიც იგივეს ვაფიქსირებ;

2. “მოითხოვე ქართული”-ს არსებობა მოძრაობა KAR.GE-ს მიერ 2016 წლის დეკემბერში აგორებული დიდი ტალღის შედეგია. იცით რატომ ჰქვია მოძრაობა KAR.GE-ს “მოძრაობა” და არა კამპანია, პროექტი ან რამე სხვა? იმიტომ რომ შექმნისთანავე მიზნად ისახავდა იდეის გავრცობას, ქართული ნაწარმის ყიდვის ქცევის პოპულარიზაციას, მეტი ადამიანის და ორგანიზაციის აყოლიებას ამ კარგ ქართულ საქმეში, ბევრი იმიტატორის გაჩენასაც მათ შორის. ყველა ასეთი პარალელური სვლა გათვლილი იყო ჯერ კიდევ 2013-2014 წლებში, როცა დაწყებას ვგეგმავდი (მოძრაობის სწორად აგორებას თავისი წესები აქვს);

3. მოძრაობა KAR.GE-მ დავდეთ ისეთი შედეგი, რაც ვერ დადო ვერცერთმა მსგავსმა ინიციატივამ მანამდე! ვერცერთი ვერ განვითარდა იმ შეცდომათა გამო, რაც დაუშვეს. მე კარგად გავაანალიზე მათი შეცდომები და 2014 წლის 1 დეკემბერიდან დავიწყე და თემა ავაგორე სწორად, სათანადო წესების დაცვით. რა თქმა უნდა თანამოაზრეთა მხარდაჭერით, რაც ძალიან გვეამაყება თითოეულ იმ ადამიანს, რომელსაც წვლილი აქვს შეტანილი ამ საქმეში! 2016 წლის დეკემბერში კი ისეთი მასშტაბური 30 დღიანი გამოწვევა გამოგვივიდა, რომ ქართული ნაწარმის ყიდვის აქციაში ათასობით ადამიანთან ერთად საქართველოს პრეზიდენტიც კი ჩაერთო (რიგით მე-5 30 დღიანი გამოწვევა იყო ეს მოძრაობა KAR.GE-სთვის). საზღვარგარეთ წასული ქართველები მაგალითად აქეთ ფულს სპეციალურად აგზავნიდნენ, რომ მათი ოჯახის წევრებს ქართული ნაწარმი მათ სახელზე ეყიდათ და გამოწვევაში ჩართულიყვნენ;

მოძრაობა KAR.GE ემსახურება იდეას. ჩვენი მიზანია ქართული ეკონომიკის რეალური ზრდა პირველ რიგში იმ შიდა რესურსის ამოქმედებით, რაც რეალურად ხალხს უჭირავს ხელში – მათი ფული. ჩვენ ყველაფერს მისიის ფარგლებში ვაკეთებთ და გავაკეთებთ: ქართული ხარისხიანი ნაწარმის ცნობადობის, გაყიდვების და ექსპორტის ზრდა. თუმცა, ამ ყველაფერს რა ენერგია სჭირდება და რის ხარჯზე კეთდება არავინ იცის. არც ის ისიც ვინმემ, რამდენი უარის მოსმენა მიწევს ყოველდღიურად ნებისმიერი პროექტის კეთების დროს. პოლიტიკოსებისაგან პირველი პრეზიდენტი აღმოჩნდა, რომელმაც პირველმა დაინახა საზოგადოებაში არსებული პოზიტიური მუხტი, და გადაწყვიტა ეს ტალღა გაეძლიერებინა. ოღონდ როგორ და რა მიზნით? ეგაა საქმე …

ფაქტები:

2016 წლის 26 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა ღიად იყიდა ქართული ნაწარმი და ამით ჩაერთო მოძრაობა KAR.GE-ს მიერ ქართულის ნაწარმის პოპულარიზების აგორებულ უპრეცედენტო მასშტაბის საზოგადოებრივ ინიციატივაში. ქმედება იყო უძლიერესი, თუმცა თემა ისე გაშუქდა, რომ დეკემბერის 30 დღიანი გამოწვევის ავტორი ორგანიზაცია – მოძრაობა KAR.GE არც ახსენეს. ამის თაობაზე ჩემს მკვეთრ საჯარო რეაქციას მოჰყვა დიდი აჟიოტაჟი არა მხოლოდ kar.ge-ზე განთავსებულ სტატიაში, არამედ თავად პრეზიდენტის FB გვერდზე ჩემს მიერ გაკეთებულ კომენტარში.

შედეგად 30 დეკემბერს მიმიწვიეს პრეზიდენტის სასახლეში საქველმოქმედო მიღებაზე. რამოდენიმე ბოდიშიც მოვისმინე პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისაგან. კომუნიკაცია პოზიტიური შედგა თავად პრეზიდენტთან, ასევე მის მრჩევლებთან. ითქვა, რომ პრეზიდენტი აპირებდა სერიოზული ყურადღება მიექცია ამ თემისადმი და მხარი დაეჭირა მოძრაობა KAR.GE -სა და გოგა ჩანადირის ინიციატივისადმი მომავალშიც.

ამას მოჰყვა პრეზიდენტის სასახლეში ჩემი სამი სტუმრობა იანვრის პირველ დეკადაში. ვიმსჯელეთ თუ კონკრეტულად რა შეიძლებოდა პრეზიდენტს გაეკეთებინა ქართული ნაწარმის პოპულარიზების მიმართულებით. იდეები ბლომად მივაწოდე. ეს ბუნებრივიცაა, მე ხომ პირველ რიგში მაინტერესებს რომ თემა კიდევ მეტად გაძლიერდეს. მიწოდებული იდეები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეაჯერეს და გააკეთეს გეგმა, რომელიც 12 იანვარს სასტუმრო რედისონში თავად პრეზიდენტმა დააანონსა. ეს არის კამპანია – “მოითხოვე ქართული”.

12 იანვრის პირველი გასვლაც შედგა შიდა ქართლის 4 წარმოებაში. პრეზიდენტს თან ვახლდით გოგა ჩანადირიც და მეც. შეჯამება იხილეთ აქ. რელიზებში ნახსენებია, რომ პრეზიდენტი მოძრაობა KAR.GE-ს და გოგა ჩანადირის ინიციატივას უერთდება. სპეციალური ჩართვისას იგივე გაიმეორე პრეზიდენტმაც. 25-მდე მედია მასალა შეიქმნა და გავრცელდა. აქედან 10-მდე ვიდეო მასალა სხვადასხვა ტელევიზიაში.

15 თებერვლის მეორე გასვლა შედგა უკვე ბათუმის ორ წარმოებაში. ამჯერადაც შემომთავაზეს წამოსვლა (ოღონდ ბათუმში ტრანსპორტირებას ვერ უზრუნველყოფდნენ, ვერც სასტუმროში დაბინავებას). ეგ არაფერი, წავიდოდი ჩემით და ჩემს ხარჯზე, მაგრამ საექსპორტო კატალოგზე ისეთ დაძაბულ სამუშაო პროცესში ვიყავი, რომ ვერ მოვახერხე. შეჯამება კი რა თქმა უნდა გავაკეთე kar.ge-ზე. აქაც რელიზებში ნახსენებია, რომ პრეზიდენტი მოძრაობა KAR.GE-ს და გოგა ჩანადირის ინიციატივას უერთდება. აქ უკვე 15-მდე მედია მასალა შეიქმნა და გავრცელდა. დააკვირდით, პირველ სვლაზე 25 მედია მასალიდან უკვე 15-მდე ჩამოვიდა.

13 მარტს შედგა პრეზიდენტის გასვლა კახეთში, ორ წარმოებაში. ამ გასვლის შესახებ შემთხვევით გავიგე როცა უკვე ფაქტი მოხდა და გავრცელდა ინფორმაცია. შეჯამება მაინც გავაკეთე kar.ge-ზე. აქაც რელიზებში ნახსენებია, რომ პრეზიდენტი მოძრაობა KAR.GE-ს და გოგა ჩანადირის ინიციატივას უერთდება. სულ რაღაც 6 მედია მასალა შეიქმნა, საიდანაც 4 თავად პრეზიდენტის სხვადასხვა რესურსზე დაიდო. სხვა მასალა Google-მაც კი არ იცის.

6 აპრილის პრეზიდენტის გასვლა ქუთაისში შედგა, ისევ ორ წარმოებაში. არც აქ მოვუწვევივარ. ვაღიარებ: რომც მივეწვიე ვერ წავიდოდი, ვინაიდან 6 აპრილს საექსპორტო კატალოგის პრეზენტაცია გვქონდა და სრულად ვიყავი გადართული საორგანიზაციო საქმეებში. აქ უკვე არც მოძრაობა KAR.GE არის ნახსენები და არც გოგა ჩანადირი. აქაც, სულ 6 მედია მასალა შეიქმნა, აქედან პრეზიდენტის 3 ინტერნეტ რესურსზე და 3 ვებ გამოცემაზე დაიდო სტატიები.

მცირე ჩანართი: მოხდა რეალურად ის, რის თაობაზეც წინასწარ ვაფრთხილებდი პრეზიდენტის პიარ სამსახურს … რომ მარტო წარმოებებში მისვლა არ შეიძლება. საჭიროა სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები. მედიაც კი აღარ ინტერესდებოდა ბოლო ორ გასვლაზე. ასე თემის მოკვლა საცოდაობაა. გარდა ამისა თავად წარმოებაში ვიზიტი რომ მნიშვნელოვან აცდენაშია “მოითხოვე ქართული”-ს იდეასთან, ეს ცალკე შეფასების საგანია და ცალკე სტატიაში შევაფასებ.

7 აპრილს პრეზიდენტს გამოსვლა ჰქონდა პარლამენტში, სადაც “მოითხოვე ქართული”-ს თემას მნიშვნელოვანი დრო დაუთმო და დაგროვებითი ბარათი “მოითხოვე ქართული” დაანონსა, ასევე პარლამენტარებს დაურიგა. ბარათის იდეა კარგია, მაგრამ შესრულებაზე კი რა გითხრათ. ბარათს ცალკე სტატიაში შევაფასებ.

დღეს, 2017 წლის 25 აპრილს შედგა ამ ბარათის პრეზენტაცია პრეზიდენტის სასახლეში. აქ მეც მიმიწვიეს, მაგრამ ვნახე თუ არა მოსაწვევი და გავარკვიე თუ არა რასთან მქონია თურმე საქმე, არ წავედი … და ამის შესახებ წინასწარ, დღეს დილით საქმის კურსში ჩავაყენე პრეზიდენტის ადმინისტრაცია!

ჩემს ადგილზე თქვენ წახვიდოდით?
“სიტყვით” როგორი მხარდაჭერა მქონდა ზემოთ რომ ნახეთ?
“საქმით” მხარდაჭერაზე კი ქვემოთ წაიკითხეთ …

იანვრის დასაწყისში, როდესაც პრეზიდენტის კამპანია იგეგმებოდა ჩემი სრული ჩართულობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები საქმის კურსში ჩავაყენე, რომ მოძრაობა KAR.GE-მ უმნიშვნელოვანესი პროექტი – საექსპორტო კატალოგის კეთება დავიწყეთ. პრეზიდენტის მხრიდან მხარდაჭერის სურვილი რახან იყო, თან ღიად გაცხადებული, შევთავაზე პროექტში ჩართულობა, მხარდაჭერა რეალური საქმით და არა სიტყვით, ბეჭდვის ხარჯებში მაინც რომ შემოგვხიდებოდნენ (დღემდე მოძრაობა KAR.GE ყველაფერს ჩვენი ძალებით ვაკეთებთ). შედეგად 1000 ცალით მეტ კატალოგს დავბეჭდავდით და მეტ ორგანიზაციას მივაწვდიდით, მასშტაბს გავზრდიდით. გავბედე და შევთავაზე, ვინაიდან ერთობლივად იგეგმებოდა აქტივობები და ჩემი შეთავაზება სრულად ჯდებოდა ქართული საქმის პოპულარიზების კონტექსტშიც და პრეზიდენტის კამპანიის ფარგლებშიც. სამწუხაროდ უარი მივიღე! თუმცა თანამშრომლობის განწყობა არ გამნელებია რა თქმა უნდა.

მოახლოვდა საექსპორტო კატალოგის პრეზენტაცია. იმედი მქონდა აქ მაინც მოვიდოდა პრეზიდენტი და სიტყვიერ მხარდაჭერას, საქმითაც განამტკიცებდა. ბოლო-ბოლო მხარს გვიჭერს, ჩვენს ინიციატივას უერთდება, ყველგან აცხადებს კიდევ ამას და მოსვლა რა პრობლემა იქნება მეთქი (ჩემთვის ვფიქრობდი). ჯერ კიდევ 13 თებერვალს ვაცნობე პირველად პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ მარტის ბოლოს უკვე მექნებოდა პრეზენტაცია. როცა 20 მარტი მოახლოვდა ისევ შევეხმიანე, და შევთავაზე თარიღის დანიშვნაც კი, რომ პრეზიდენტისთვის მოსახერხებელი ყოფილიყო მოსვლა. ისევ უარი! დავნიშნე და ჩავატარე შესანიშნავი პრეზენტაცია. სამართლიანობისათვის უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან სტუმარი მოვიდა. თუ მეტყვით, რომ 7 აპრილს პარლამენტში გამოსვლა იყო და როგორ მოვიდოდა 6-შიო გიპასუხებთ, რომ სიამოვნებით დავნიშნავდი პრეზენტაციას იმ დღეს, როცა პრეზიდენტი სტუმრობისათვის დროს გამოძებნიდა და ეს თვენახევრით ადრე შევთავაზე კიდეც.

6 აპრილს შედგა “KAR.GE საექსპორტო კატალოგი 2017“-ის პრეზენტაცია, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი თავის სიტყვაში დაგროვებითი ბარათის შესახებ პირველად საუბრობს. მეც პირველად გავიგე იმ დღეს ამ პროექტის შესახებ. 7 აპრილს პრეზიდენტმა თავის სიტყვაშიც, პარლამენტშიც ისაუბრა ამ ბარათის შესახებ. გამიკვირდა, საიდან? როგორ? ეს თემა 2016 წლის იანვარში შევისწავლე, უამრავ ადამიანს და ორგანიზაციას შევხვდი და გავესაუბრე, დეტალურად ვიცი თემა ტექნიკური ნიუანსების ჩათვლით. გამიკვირდა, როგორ გაკეთდა ასეთი პროექტი ასე უცებ – 2 თვეში (ამ ბარათს დავტესტავ და ცალკე სტატიაში შეფავასებ უახლოეს პერიოდში). გავარკვიე, რომ თურმე უნიკარდის “ქუდის” ქვეშ გაკეთებულა, მაგრამ მთავარი სიურპრიზი თურმე წინ მელოდა …

თურმე სად “ვბანაობ” …
აღმოჩნდა, რომ (აპრილის შუა რიცხვებში აღმოვაჩინე ეს) 31 იანვარს დარეგისტრირებულა ააიპ “მოითხოვე ქართული” (ს/კ 400195249), შეუკრებიათ გუნდი და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ქმნიან და მუშაობენ დაგროვებითი ბარათის თემაზე და არა მხოლოდ. აი მაშინ დავრწმუნდი თუ რა ფასი აქვს რეალურად პრეზიდენტის “სიტყვით” მხარდაჭერას, რომლის “საქმით” მხარდაჭერაში ვერანაირად ვერ “ითარგმნა” მოძრაობა KAR.GE-ს შემთხვევაში.

ხაზგასმით ვამბობ: “მოითხოვე ქართული” კამპანია თავისი აზრით დადებითი მოვლენაა. ყველა შემთხვევაში წარმატებას ვუსურვებ და ყველა გონივრული სვლის მხარდამჭერი ვიქნები როგორც შემეძლება. რატომ? იმიტომ რომ ამ კამპანიის შექმნა, ისევე როგორც პალიტრა მედიას მიერ “იყიდე ქართული” კამპანიის დაწყება 2015 წლის ოქტომბერში, ისევე როგორც ბევრი მედია საშუალების მიერ თემისადმი სათანადო ყურადღების გამოჩენა მოძრაობა KAR.GE-ს მიერ გადადგმული კონკრეტული თანმიმდევრული ნაბიჯების დამსახურებაა. შესაბამისად ამ და სხვა ანალოგიური პროექტების შედეგების წარმოჩენას ყოველთვის გავაკეთებ.

მე სხვა რამ მაწუხებს, რამაც ეს წერილი დამაწერინა …

ბატონო პრეზიდენტო,
რატომაა, რომ “სიტყვით” რომ მოძრაობა KAR.GE-ს ინიციატივას შეუერთდით და მხარს უჭერთ, “საქმით” კი *********? რა ჰქვია ამ საქციელს?

 

კომენტარები გამორთულია