თვითმმართველობებში ქალთა და მამამაკაცთა თანაბარ მონაწილეობაზე  კონფერენცია ჩატარდა

0
214

ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის(NALAG) ორგანიზებით, მცხეთაში, თემაზე-„ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობაში – ევროპული ქარტიის პრინციპები“ კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია ნორვეგიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაციისა (KS) და „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ (NALAG) მიერ,  2015-2018  წლების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

მასში მონაწილეობა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის დირექტორმა დავით მელუამ,  მცხეთა-მთიანეთის მხარის  გუბერნატორის მოადგილემ მანანა ნარიმანიძემ, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ,  NALAG-ის აღმასრულებელი  საბჭოს  წევრმა თამარ ტალიაშვილმა, გენდერულ საკითხებში ნორვეგიის ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის ექსპერტმა ლის შანკემ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და თბილისის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს წევრებმა, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების – NDI, UNDP, ALDA-ს წარმომადგენლებმა მიიღეს.

კონფერენციის მიზანია ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობაში ევროპული ქარტიის პრინციპების დანერგვისთვის, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, მედიის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების, გენდერული საკითხებით დაინტერესებული საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების გაერთიანება, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობაში  ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდა.  კონფერენციაზე  მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ადგილობრივ თვითმმართველობებში გენდერული ბალანსის მხრივ არსებული პრობლემებზე, გამოწვევებზე, საკანონმდებლო ცვლილებებსა და საერთაშორისო  გამოცდილებაზე იმსჯელეს. ევროპულ გამოცდილებასა და ქარტიის საქართველოში დანერგვის აუცილებლობაზე ისაუბრა ნორვეგიის ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის ექსპერტიმა ლის შანკემ. საქართველოს პარლამენტის გენდერული საბჭოს წევრმა, მარიამ ჯაშმა პარლამენტის გენდერული გეგმის შესახებ პრეზენტაციაც წარადგინა.

ღონისძიების დასასრულს, სახელწოდებით: “ქალები ადგილობრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში – პერსპექტივები და გამოწვევები საქართველოში” დისკუსიაც გაიმართა. მასში მონაწილეობას, რეგიონის საკრებულოს წევრები, საქართველოში გენდერული საკითხებით დაინტერესებული ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იღებდნენ.

კონფერენციის სლოგანია – „თანასწორობა იძლევა შედეგს!“

კომენტარები გამორთულია