რის მშენებლობას გეგმავს კერძო მესაკუთრე რეაბილიტირებულ კოსტავას გამზირზე

0
1478

ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭომ, უახლოეს პერიოდში ქალაქის ცენტრალურ გამზირზე არსებული მიწის ნაკვეთის სტატუსის შეცვლაზე უნდა იმსჯელოს.

კოსტავას გამზირის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც წლების წინ რუსთაველის ძეგლი იყო განთავსებული, შესაძლოა რეკრეაციული ზონის სტატუსი მოეხსნას. ამის შესახებ „ტელეგრაფი“ თებერვალში წერდა. სტატუსის შეცვლის მოთხოვნით მეპატრონემ ჯერ საკრებულოს, შემდეგ კი სასამართლოს მიმართა. სასამართლომ საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა, თუმცა, ზონის სტატუსის შეცვლა არ გადაწყვეტილა.

როგორც დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ გადაწყვეტილების გაცხადებისას აღნიშნა, რუსთავის საკრებულომ მიწის მესაკუთრის უფლება შელახა და პროცედურები ყველანაირი წესების დარღვევით განხორციელდა. მოსამართლის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ მოხდა რეკრეაციული ზონის მინიჭება კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. მან იმ აქტების ბათილად ცნობა, რის გამოც სასამართლო პროცესი დაიწყო, არალოგიკურად მიიჩნია და რუსთავის საკრებულოს დაევალა თავად იმსჯელოს რეკრეაციული ზონის მინიჭების საკითხზე და ჩაატარონ ისეთი წარმოება, რომ მოქალაქეების საკუთრების უფლებები არ შეილახოს დაუსაბუთებლად. მოსამართლის თქმით,  საკრებულოს მიერ მიწის მესაკუთრის სასამართლოში გადამისამართება შეცდომით მოხდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, საკრებულოს საკითხის გადახედვა და სასამართლოსთვის ბაჟის, 100 ლარის გადახდა დაევალა.

მიხეილ მიქაბერიძემ, მიწა 2012 წელს აუქციონის წესით სახელმწიფოსაგან 30 578 ლარად შეიძინა, მაშინ, როდესაც რეკრეაციულ ზონაში არ იყო მიწა და იქ ნებისმიერი მშენებლობა უპრობლემოდ შეიძლებოდა. მიქაბერიძე, რომელიც რამდენიმე თვის წინ, მიწას თითქმის ნახევარმილიონ დოლარად ყიდდა (თებერვალში გაყიდვის განცხადება იდო myhome.ge -ზე)„ტელეგრაფთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ უპრეცედენტო ინვესტიციის ჩაშლას ემუქრება საფრთხე.

„მე კონტრაქტი გავაფორმე სასომხეთთან, 20 მილიონიანი ინვესტიცია იყო, საუბარია 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობაზე. როდესაც მშენებლობა გადაწყტა გაირკვა რომ იყო სარეკრეაციო ზონაში, ყოველგვარი შეტყობინების გარეშე მოხდა რეკრეაციული ზონის მინიჭება ტერიტორიაზე. ეს იყო უპრეცედენტო ინვესტიცია, რომელიც ახლა საფრთხის წინაშეა, მშენებლობა თბერვალში უნდა დაწყებულიყო, ჩვენ დეკემრებში მივმართეთ საკრებულოს და მათ პირდაპირ სასამართლოში გადაგვამისამართეს“ – ამბობს მიხეილ მიქაბერიძე.

„ტელეგრაფი“ დაინტერესდა რატომ მოხდა კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე რეკრეაციული ზონის მინიჭება. როგორც საკრებულოს წინა მოწვევის თავმჯდომარის მოადგილე კახა ბარათაშვილი ამბობს, ეს არ იყო ერთი კონკრეტული მიწის ნაკვეთი, მოხდა ქალაქის გენერალური გეგმის შემუშავება, სადაც შეიძლება რამდენიმე ასეთი ტერიტორია აღმოჩენილიყო.

„როდესაც გენერალური გეგმის განხილვები მიმდინარეობდა, ამაზე მუშაობდა სპეციალური კომისია, მე წევრი არ ვიყავი, ამ კონკრეტულ ადგილზე ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა ასეთი შემთხვევები შეიძლებოდა ყოფილიყო. ჩვენ მოწვეული გყავდა სპეციალისტები, ამ გეგმის შემუშავებას აფინანსებდა საერთაშორიოს ორგანიზაციები. გეგმაზე მუშაობისას არსებული ტერიტორიები შეიძლებოდა ყოფილიყო კერძო საკუთრებში, მაგრამ ზოგს საერთოდ არ ჰქონდა რეგისტრირებული მიწა და შეიძებოდა არც კი გამოჩენილიყო მიწის კერძო მესაკუთრე, თუმცა მაშინვე ითქვა რომ სგავსი ფაქტის შემთხვევაში მოხდებოდა საკითხის გადახედვა. ასეთ საკითებს კი სპეციალური კომისია შეიწავლიდა, რომელიც მაშინაც არსებობდა და ახლაც არსებობს. ეს სწორედ ის შემთხვევაა“ – აბობს კახა ბარათაშვილი.

მიწის გაყიდვა ყოფილი ხელისუფლების დროს, მამუკა ჩიქოვანის მერობის პერიოდში მოხდა. „ტელეგრაფი“ ასევე დაიტერესდა ჩიქოვანის პოზიციით, რატომ მოხდა თავის დროზე მიწის გაყიდვა და უნდა მოეხსნას თუ არა ახლა ტერიტორიას რეკრეაციული ზონის სტატუსი. როგორც ჩიქოვანი ამბობს, ქალაქის განვითრების გეგმა გადასახედია, თუმცა ბიზნესის განვითარებისთვის ხელის შეშლა არ უნდა ხდებოდეს.

„მე არ ვიძახი რომ რეკრეაციული ზონები არ უდნა იყოს და მოეხსნას ეს სტატუსი აღნიშნულ ტერიტორიას. უნდა იყოს ეს ზონები იქ, სადაც აუცილებელია. რუსთავში რაც შეიძლება მეტი კარგი შენობა და მეტი ბიზნესის განვითრება უნდა მოხდეს, ეს სამუშაო ადგილების შექმნას უზრუნვეყოფს. საშუალო და მცირე ბიზნესი თუ არ განვითრდა ისე ჩვენი ქალაქის ეკონომიკა არ გამოსწორდება. მე არ ვაფასებ რომ არასწორი ნაბიჯი იყო თავის დროზე მიწის გაყიდვა, პირიქით სწორი იყო. ქალაქის განვითრების გეგმა ისე უნდა დაიხვეწოს და ცვლილებები შევიდეს, რომ ბიზნესის განვითარებას პრობლემა არ შეექმნას“ – განაცხადა მამუკა ჩიქოვანმა.

რაც შეეხება იმას, თუ რა პოზიცია აქვთ რუსთავის თვითმმართველ ორგანოში, ამის გასარკვევად „ტელეგრაფმა“ რუსთავის მერს, დავით ჯიქიას მიმართა. დავინტერესდით როგორი პოზიცია აქვს საკითხთან დაკავშირებით ქალაქის მერს და შესაძლოა თუ არა ზონას რეკრეაციის სტატუსი მოეხსნას.

„ჩემთვის ცნობილია, რომ მოქალაქე მიხეილ მიქაბერიძის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს (კოსტავას გამზირის მიმდებარედ) მინიჭებული აქვს სარეკრიაციო  ზონის სტატუსი. აღნიშნული მიწის ნაკვეთის ზონის სტატუსის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თხოვნით, მიხეილ მიქაბერიძემ რუსთავის საკრებულოს მიმართა, შესაბამისად ქალაქ  რუსთავის საკრებულომ წერილობით მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციას მიმართა. ვინაიდან მიწის ნაკვეთზე ზონალობის შეცვლის უფლება აქვს მხოლოდ  ,,ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს“, მიხეილ მიქაბერიძის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ზონალობის შეცვლის გადაწყვეტილებასაც ზემოთ აღნიშნული საბჭო მიიღებს.  რაც შეეხება რუსთავში 20 მილიონიანი ინვესტირების განხორციელებას და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას, ინიციატივით,  რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისათვის არავის მოუმართავს“ – ამბობს დავით ჯიქია.

მსგავსი პოზიცია აქვთ რუსთავის საკრებულოშიც, სადაც ჯერ სასამართლოს გადაწყვეტილება ოფიციალურად არ მიუღიათ. ზემოთ აღნიშნული ტერიტორიისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსის მოხსნასთან დაკავშირებით კი სპეციალურმა საბჭომ უნდა იმსჯელოს.

ნინო ბერიძე
რუსთავი
(C) Telegraph.ge

კერძო მესაკუთრე ქალაქის მთავარ გამზირზე მდებარე რეკრეაციული ზონისთვის სტატუსის შეცვლას გეგმავს

კომენტარები გამორთულია