„წიგნი ყველა სოფელს“ – პროექტი დღეიდან იწყება

0
140

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დღეს სტარტს აიღებს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო პროექტი „წიგნი ყველა სოფელს“. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, „ვისოლ ჯგუფის”, საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის, „პალიტრა L”-ის, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” და ქველმოქმედი საზოგადოების მხარდაჭერით, 4 თვის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით შეგროვდება 10 000-მდე წიგნი. შეგროვილი წიგნები დარიგდება ქვემო ქართლში, კახეთში, შიდა ქართლსა და მცხეთა მთიანეთში.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე კომპანია „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა და პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პროექტი „წიგნი ყველა სოფელს“ მეოთხე წელია მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ახალგაზრდებს შეუქმნას თანაბარი პირობები შემოქმედებითი, კულტურული და საგანმანათლებლო საქმიანობისთვის. პროექტის ფარგლებში წიგნების შეგროვების პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს, შეგროვილი წიგნები კი სრულიად უსასყიდლოდ გადაეცემა სოფლების სასკოლო და ცენტრალურ ბიბლიოთეკებს.

„წიგნი ყველა სოფელს” – არასამთავრობო, სახელმწიფო, ბიზნეს სექტორის, საქართველოს საპატრიარქოს ერთიანი ძალისხმევითა და ორგანიზაცია „სტუდენტური ერთიანობის” ინიციატივით ხორციელდება.

წიგნების შესაგროვებლად სპეციალური ყუთები განთავსებულია „ვისოლის” ავტოგასამართ სადგურებზე, სუპერმარკეტების ქსელ „სმარტის”, ამერიკული რესტორნების ქსელ „ვენდის” და “დანქინ დონატსის” რესტორნებში. ასევე, ყუთები განთავსებულია შემდეგ ტაძრებში: წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, გლდანის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, ვარკეთილის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი.

კომენტარები გამორთულია