ისტორიაში პირველად ალგეთის ეროვნულ პარკში წავების წყვილი დაფიქსირდა

0
2652
ფოტო არ ასახავს ფაქტს

დაცული ტერიტორიების სააგენტო ალგეთის ეროვნულ პარკშ გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს.

„დღესდღეობით წავის პოპულაცია საქართველოში საკმაოდ შემცირებულია, თუმცა აღსანიშნავია, რომ მისი გავრცელების ისტორიული და თანამედროვე არეალი ემთხვევა ერთმანეთს. ზოგადად, წავის პოპულაცია დღესდღეობით საკმაოდ შემცირებულია საქართველოში და ბევრგან საერთოდ გამქრალია. წავს მინიჭებული აქვს მოწყვლადის სტატუსი. ალგეთის ეროვნულ პარკში რამდენიმე სხვადასხვა მდინარეა, ასევე ხელოვნური ტბა და გავრცელებული სახეობების თვალსაზრისითაც წავისათვის საკმაოდ ხელსაყრელი გარემოა, თავად წავის რაოდეობა კი ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ჯერ-ჯერობით საკმაოდ მცირეა”- აღნიშნავენ სააგენტოში.

წავი -(Lutra lutra) ძუძუმწოვარი კვერნისებრთა ოჯახის. წავი ბინადრობს თევზით მდიდარი ყველა ტიპის წყალსატევის სანაპიროებზე, სადაც შედარებით სუფთა წყალია. იგი არ ჩერდება ისეთ წყალსატევებში, რომლებიც ზამთრობით ფსკერამდე იყინება.

მისი სხეულის სიგრძე 80-85 სანტიმეტრამდე აღწევს, კუდისა – 40-45სმ-მდე. იწონის 5-8 კილოგრამს. შეფერილობა ღია ყავისფერიდან მუქ შავამდე მერყეობს. მუცლის მხარეს შეფერილობა უფრო ღიაა და შეიძლება თეთრიც კი იყოს. როგორც აღვნიშნეთ, სხეული საკმაოდ გრძელია, კიდურები კი შედარებით მოკლეა და საცურაო აპკით ბოლოვდება, რაც ცხოველს ხმელეთთან შედარებით წყალში გადაადგილებას უფრო უადვილებს.

წავის ბიოლოგიაში ბევრი მოვლენა შეუსწავლელი და გაურკვეველია. ცნობილია, რომ ეს ცხოველები მთელ სიცოცხლეს წყალში ატარებენ, ხმელეთზე ისინი ძალიან იშვიათად, მხოლოსდ ბეწვის გასაშრობად გამოდიან. მათი ბეწვი გაპოხილია სეკრეტით – ნივთიერებით, რომელსაც სპეციალური ჯირკვლები გამოყოფენ, ეს კი ცხოველის სიმშრალეს უზრნველყოფს. იმისდა მიუხედავად, რამდენ ხანს დაჰყოფს ცხოველი წყალში, მისი ბეწვი მაინც მშრალი რჩება. ამას ისიც ემატება, რომ მისი ბეწვი სავსეა ჰაერის ბუშტუკებით, რაც თავდაცვის კიდევ ერთ საშუალებას წარმოადგენს. მისი მეშვეობით ცხოველი დაცულია გაციებისაგან იმისდა მიუხედავად, თუ რა ტემპერატურის წყალში იმყოფება, მაგრამ ნავთობპროდუქტებით წყლის დაბინძურება იწვევს ამ დამცავი შრის მოშლას და ცხოველი რამდენიმე საათში სიკვდილისთვისაა განწირული.

წავი თხრის სოროს, რომელშიც ის თავს აფარებს, მშობიარობს და ზრდის ნაშიერებს. საკმაოდ ვრცელ სოროს აქვს რამდენიმე ხვრელი, რომელთაგან ერთ-ერთით ის წყალსატევს უკავშირდება. ეს ხვრელი გადის წყლის დონის ქვევით, დაახლოებით 0,5 მეტრის სიღრმეზე. სოროს რამდენიმე სავენტილაციო ხვრელიც გააჩნია. მთავარი საკანი საკმაოდ ვრცელია და მოფენილია ხავსით, ხმელი ბალახით, ფოთლებით, ცხოველის საკუთარი ბეწვით. სოროს რამდენიმე ხვრელი მიწის ზედაპირზეც გამოდის. ზოგი ავტორის აზრით, წავს არ გააჩნია ერთი განსაკუთრებული სორო, იგი ხან ერთს აფარებს თავს, ხან – მეორეს.

წავებთან დაკავშირებული კიდევ ერთი საინტერესო მომენტი ის არის, რომ მის ნაშიერებს პოულობენ წელიწადის ნებისმიერ თვეში – ანუ მათ არა აქვთ შეზღუდული გამრავლების პერიოდი. ლიტერატურაში ისეთი ფაქტებიცაა აღნიშნული, როდესაც ცუდი კლიმატური პირობების გამო, ნაშიერი წყვეტდა დედის ორგანიზმში განვითარებას მანამ, სანამ კვლავ ხელსაყრელი პირობები არ შეიქმნებოდა. ეს პერიოდი რამდენიმე თვიდან ერთ წლამდეც შეიძლება გაგრძელდეს.

წავის ძირითად საკვებს თევზები შეადგენს. იგი წყალქვეშ ადვილად ნადირობს, შეუძლია იქ რამდენიმე წუთი გაძლოს და გაცუროს საკმაოდ დიდი მანძილი. წარმატებული ნადირობის შემთხვევაში იგი ნაპირზე ამოდის და იქ ჭამს ნანადირევს. წავი იკვებება აგრეთვე ბაყაყებით, მდინარის კიბოებით, რბილტანიანებით, ჭიებით, ბიგებით, თხუნელებით, ჭაობის კუთი და სხვადასხვა მწერებით.

მძუნაობს წელიწადში ერთხელ, მაგრამ მის ნაშიერებს როგორც აღინიშნა, პოულობენ ყველა სეზონში. მაკეობის ხანგრძლივობა 9-10 კვირამდე. ძუ შობს 2-4 უსუსურსა და თვალაუხილავ ნაშიერს. მათ თვალები 35 დღის ასაკში ეხილებათ. ლაქტაცია სამ კვირას გრძელდება. სქესობრივ სიმწიფეს ძუ ორი წლის ასაკში აღწევს, ხოლო ხვადი – სამი წლისა.

ქცევის მხრივ, წავებს ძალიან უყვართ თამაში. ზაფხულში ისინი მთის კალთებზე, ზამთარში თოვლზე წვებიან და სრიალებენ დიდი სიამოვნებით.

ამ ცხოველის პოულაციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კლებადი რიცხოვნებით ხასიათდება. ერთ დროს ფართოდ გავრცელებული სახეობა დღეისათვის ქვეყნების უმეტესობაში ან გამწყდარია, ან გადაშენების პირასაა მისული და აღსადგენად ადამიანის დახმარებას საჭიროებს.

წარსულში წავი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იყო გავრცელებული, თითქმის ყველა მდინარისა და თუ ტბის სანაპიროებზე გვხვდებოდა. მისი რიცხოვნობა მაღალი არ იყო, მაგრამ სტაბილურობით გამოირჩეოდა.

ამჟამად წავის რიცხოვნობა დადგენილი არ არის. ცხოველის შესაძლო საბინადრო ადგილების სიმცირის გათვალისწინება მის მცირერიცხოვნობას გვავარაუდებინებს. ,,საქართველოს წითელ წიგნში“ წავი შეტანილია, როგორც გადაშენების პირას მყოფი, იშვიათი და მცირერიცხოვანი სახეობა; ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის წითელ წიგნში კი მას მოწყვლადი სახეობის კატეგორია აქვს მინიჭებული.

კომენტარები გამორთულია