ფულის შოვნა მარტივად

0
594

ბოლო დროს კვლავ გააქტიურდა სხვადასხვა სახის შეთავაზებები მოქალაქეებისთვის სწრაფად და სახლიდან გაუსვლელად ფულის შოვნასთან დაკავშირებით.

სხვადასხვა კომპანიის რეკლამა, რომელსაც მზიდველი მესიჯები ახლავს თან, ინტერნეტში მრავლად გვხვდება. განსაკუთრებული აქტიურობა იგრძონა სოციალური ქსელებით.

რა უნდა ვიცოდეთ ასეთი კომპანიების შესახებ და არიან თუ არა ისინი სანდო. გთავაზობთ არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების” მიერ მომზადებულ მასალას.

ბოლო პერიოდში ბევრი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) დაარსდა, რომლებიც მზად არიან ითანამშრომლონ მოსახლეობის იმ ნაწილთან, რომელსაც  მაღალი სარგებლის მიღება სწრაფად სურს. მსგავსი კომპანიები  მომხმარებელს ლარში ინვესტირების შემთხვევაში საშუალოდ წლიურ 24-33%-ს, ხოლო აშშ დოლარში 13-33% სარგებელს სთავაზობენ. ისინი მომხმარებელთა მოსაზიდად აგრესიულ  მარკეტინგულ კამპანიას ეწევიან. შედეგად ვიღებთ მზარდ   ბიზნესსექტორს, რომელიც კანონმდებლობით სრულყოფილად  არ რეგულირდება.  სწრაფად  გამდიდრების მსურველთა ეჭვებს აბათილებს ის, რომ კომპანიები დღეის მდგომარეობით მიღებული თანხების მომხმარებლისთვის უკან დაბრუნებას ახერხებენ. საინტერესოა თავად ბიზნესის სტრუქტურა, რომელიც ყოველ მომდევნო შენატანზეა დამოკიდებული. როდესაც მომხმარებელი განათავსებს დანაზოგს, წინასწარ ირჩევს ხელშეკრულების ვადას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ვადის გასვლამდე თანხის დაბრუნება შეუძლებელია. ეს პუნქტი არის ე.წ. „პირამიდა სისტემის“ მთავარი მამოძრავებელი ძალა. ყოველი შემდგომი მომხმარებლის შემოტანილი თანხის ხარჯზე ხდება არსებული კლიენტისთვის სარგებლის გაცემა. როგორც კი რომელიმე მსგავსი კომპანია ვერ შეძლებს თანხის უკან დაბრუნებას, წარმოიქმნება მასშტაბური პრობლემა. ყველა ის ადამიანი, რომელიც სარგებლობს მათი მომსახურებით, მოინდომებს საკუთარი დანაზოგის უკან დაბრუნებას, რაც შეუძლებელი იქნება.

ოთხმოცდაათიანი წლების ბიზნესმოდელმა, რომელიც ე.წ „პირამიდის სისტემაზე“ იყო აწყობილი, საქართველოს არაერთი  მოქალაქე დააზარალა, მათ სრულად დაკარგეს  დანაზოგი. არაინფორმირებული და გაუთვითცნობიერებელი მომხმარებლისთვის საკმაოდ რთულია თაღლითური სქემის ამოცნობა და სწორი გადაწყვეტილების მიღება.

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში „პირამიდა ბიზნესი“ ითვლება კრიმინალურ საქმიანობად და ისჯება კანონით. კონტროლდება სარეკლამო რგოლები, რათა დაცული იყოს მომხმარებელთა უფლებები. საქართველოში მსგავსი ბიზნესის წარმოება დანაშაულად არ ითვლება და სისხლის სამართლის კოდექსით არ ისჯება.

„საზოგადოება და ბანკები“ მომხმარებლებს აფრთხილებს და ურჩევს, არ ენდონ ერთი შეხედვით საინტერესო, მაგრამ ფინანსური რისკის შემცველ შემოთავაზებას. ყურადღებით შეისწავლონ იმ კომპანიის საქმიანობა, რომელსაც საკუთარი დანაზოგი უნდა ანდონ.

გაეცანით კვლევას მიმაგრებულ ფაილში

“საზოგადოება და ბანკების” მიერ ჩატარებული ყველა კვლევა იხილეთ ამ ბმულზე.

კომენტარები გამორთულია