თბილისის მერია ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამას იწყებს

0
932

თბილისის მერია ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის იწყებს სტაჟირების პროგრამას – „დაიწყე კარიერა“, რომლის ფარგლებშიც  თბილისში არსებული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა, გაიარონ 2 თვიანი, არაანაზღაურებადი პროფესიული პრაქტიკა 2017 წლის 1 ივნისიდან 31 ივლისის ჩათვლით.

როგორც თბილისის მერიაში განაცხადეს, პროგრამის ფარგლებში მოხდება დარეგისტრირებული სტუდენტების გადანაწილება მერიის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებში (შპს, ააიპ) სტუდენტის განათლების პროფილისა და ორგანიზაციის პროფესიული მიმართულების გათვალისწინებით.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ თბილისში არსებული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს. გამონაკლისს წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სადაც   მე-5 კურსის სტუდენტებსაც ეძლევათ მონაწილეობის მიღების უფლება.

სტუდენტები პროფესიულ სტაჟირებას გაივლიან შემდეგი მიმართულებებით: ხელოვნება, სპორტი, განათლება, ვეტერინარია, სამართალი, ტრანსპორტი, ჯანდაცვა და მედიცინა, არქიტექტურა მშენებლობა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, კომპიუტერული მეცნიერებები, ბიზნესის ადმინისტრირება, საინჟინრო მეცნიერებები და ტექნოლოგიები.

სტუდენტების გადარჩევა მოხდება GPA-ს საფუძველზე. ერთნაირი ქულების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველი (ოჯახის ქულა 70 000-ზე ნაკლები) ოჯახის წევრ სტუდენტებს. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი, – განაცხადეს მერიაში.

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა აპლიკაცია უნდა შეავსონ 2017 წლის 5 მაისიდან 15 მაისის 24:00 საათამდე თბილისის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე –  http://tbilisi.gov.ge/page/246

კომენტარები გამორთულია