მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ბიზნესიდეების კონკურსი იწყება

0
216

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ახალი ეტაპი იწყება. 15-დან 31 მაისის ჩათვლით ბიზნესიდეების რეგისტრაცია ვებ-გვერდზე: www.qartuli.ge იქნება შესაძლებელი. კონკურსში მონაწილეობის მიღება ყველა იმ ადამიანს  შეეძლება, ვისაც ახალი ბიზნესის წამოწყება ან არსებული ბიზნესის გაფართოება-გადაიარაღება სჭირდება.

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა მოიცავს ორ ძირითად ეტაპს:
1) ბიზნესიდეების წარდგენა, რომელიც 2017 წლის 15 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, წარმოადგინონ ბიზნესიდეის განაცხადი ონლაინ ვებ-გვერდზე: www.qartuli.ge რის შემდეგაც მოხდება საუკეთესო ბიზნესიდეების ავტორების გამოვლენა. გამარჯვებულებს ჩაუტარდებათ ტრეინინგი მეწარმეობის შესახებ, რომელიც მოიცავს ბიზნესგეგმის მომზადების საკითხებსაც;

2) შემდგომი ეტაპი  ბიზნესგეგმის წარდგენას მოიცავს, სადაც მონაწილეებმა განაცხადი ისევ ვებგვერდზე: www.qartuli.ge უნდა შეავსონ, რის შემდეგაც გამოვლინდებიან საუკეთესო ბიზნესგეგმების ავტორები. სწორედ ბიზნესგეგმების კონკურსის შედეგად გამოვლენილი გამარჯვებული მონაწილეები მიიღებენ პროგრამით გათვალისწინებულ თანადაფინანსებას და ჩაუტარდებათ როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური ტრეინინგები.

დაფინანსების მექანიზმი შემდეგნაირია:

ერთი მეწარმე სუბიექტი –  თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა  –  5 000 ლარი;
ორი მეწარმე სუბიექტი –  თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა –  10 000 ლარი;
სამი მეწარმე სუბიექტი –  თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა –  15 000 ლარი.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, თუ ის აკმაყოფილებს შემდგომ კრიტერიუმებს:

•    არის საქართველოს სრულწლოვანი (18 წელს მიღწეული) მოქალაქე;
•    არ არის საჯარო მოხელე;
•    არ გააჩნია მიმდინარე ვადაგადაცილებული საგადასახადო ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე;
• კონკურსებში გამარჯვების შემთხვევაში, განახორციელებს მინიმუმ 20%-იან თანხობრივ თანამონაწილეობას; მზად არის ბიზნესგეგმების კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, დარეგისტრირდეს გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად, რომელსაც მინიჭებული აქვს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, გარდა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა.

კომენტარები გამორთულია