ქალაქ რუსთავსა და ჩინეთის ქალაქ შაოგუანს შორის მემორანდუმი გაფორმდება

0
215

რუსთავს, ჩინეთის ქალაქ შაოგუანის მუნიციპალიტეტის ხუთკაციანი დელეგაცია ესტუმრება.
11 მაისს, 11:00 საათზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ქალაქ რუსთავსა და ჩინეთის ქალაქ შაოგუანს შორის, დამეგობრების შესახებ მემორანდუმი გაფორმდება.
მემორანდუმს ხელს, ქალაქ რუსთავის მერი დავით ჯიქია და ქალაქ შაოგუანის ვიცე-მერი ჩენ ლი მოაწერენ.
მემორანდუმის ხელმოწერას, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა მხეიძე, რუსთავის საკრებულოს დეპუტატები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
მემორანდუმის გაფორმება ხელს შეუწყობს ორ ქალაქს შორის მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის განვითარებას. მემორანდუმი ფორმდება ორივე ქალაქის ხელმძღვანელი პირების თანხმობით და მიზნად ისახავს, მხარეებს შორის კულტურისა და ისტორიის სფეროებში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას, ახალგაზრდების კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობას, ამასთან ერთად, ეკონომიკის განვითარებისა და გარემოს დაცვის საკითხებში საერთაშორისო გამოცდილებების გაზიარებასა და ურთიერთობების გაფართოებას.
მემორანდუმის გაფორმება საშუალებას მისცემს დამეგობრებულ ქალაქებს, გაცვალონ ინფორმაცია საუკეთესო პრაქტიკებსა და მიღწევების შესახებ სხვა ქალაქებთან მიმართებაში.
ჩინეთის ქალაქ შაოგუანის მუნიციპალიტეტის დელეგაციის წევრები, მემორანდუმის გაფორმების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, რუსთავში არსებულ წარმოება-დაწესებულებებს, მათ შორის, მეტალურგიულ ქარხანასაც დაათვალიერებენ, ასევე ეწვევიან რუსთავის სკაუტების ცენტრსა და ქალაქის ისტორიულ მუზეუმს.

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY