არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებისა და დირექტორებისთვის მასშტაბური პროექტი ამოქმედდა

0
200

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი, რომელსაც  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, პირველად ზოგად განათლებაში, არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა და დირექტორთა მასშტაბურ გადამზადებას იწყებს.

პროექტის ფარგლებში,  2017-2019 წლებში გადამზადდება:

  • არაქართულენოვანი სკოლებისა და სექტორების ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, მათემატიკის, ინგლისურისა და გეოგრაფიის მე-7-მე-12 კლასების 2,177 მასწავლებელი;
  • 213 არაქართულენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი და ამავე სკოლაში პროექტის ფარგლებში შერჩეული სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების ფასილიტატორი.

საჭიროებიდან გამომდინარე, ტრენინგები და სამუშაო შეხვედრები ჩატარდება ეთნიკური უმცირესობების ენებზე, კერძოდ, აზერბაიჯანულად, რუსულად და სომხურად. შესაბამისად, საგანგებოდ მათთვის ითარგმნა სატრენინგო მასალა. ასევე, გადამზადდებიან რუსული, სომხური და აზერბაიჯანული ენის მცოდნე ტრენერები, რომელებიც შემდგომში ჩაატარებენ აღნიშნულ ტრენინგებს.

მასწავლებლები გაივლიან ორ სატრენინგო კურსს: ზოგადპროფესიულ უნარებში და საგნობრივი მეთოდიკის კურსს „აქტიური სწავლება საგნებში“ (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, გეოგრაფია, ინგლისური ენა).

დირექტორებისთვის კი, ამოქმედდება ლიდერობის აკადემია, რომელიც სამი საფეხურისგან შედგება და მიზნად ისახავს საჯარო სკოლის დირექტორთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებას.

პროფესიული განვითარების პროგრამის წარმატებით დასრულება დაეხმარება  სკოლის დირექტორებს, გააუმჯობესონ  საკუთარი  პრაქტიკა შემდეგი მიმართულებებით:

  • დროის, ფინანსებისა და ადამიანური რესურსების ეფექტიანი მართვა;
  • მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს გაუმჯობესება;
  • სასწავლო თემების განვითარება;
  • სკოლაში ინოვაციური და ინტერაქტიული მეთოდების დანერგვა;
  • გრძელვადიან განვითარებაზე ორიენტირებული მონიტორინგისა და შეფასების  სისტემის დანერგვა.

კომენტარები გამორთულია