13 მაისი – დიდი გამარჯვებიდან 36 წელი გავიდა

0
195

თბილისის “დინამომ” 1981 წლის 13 მაისს, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიპოვა.

ფინალში “დინამომ” იენის “კარლ ცაისი” ვლადიმერ გუცაევისა და ვიტალი დარასელიას გოლებით, ანგარიშით 2-1 დაამარცხა.

ისტორიული გამარჯვებიდან 36 წელი გავიდა.

ეს იყო ერთი მთლიანი, საერთო სიხარული 80-იანი წლების საქართველოში. როგორ იხსენებს 13 მაისს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი ბუბა კუდავა:

ჩემი #13მაისი

დილას მამაჩემს მე და ჩემი ძმა სკოლაში მივყავდით.

მისგან ვისწავლე, რომ ყოველთვის უნდა გაუჩერო მანქანა მას, ვისაც ჭირდება. ჰოდა, გაჩერებაზე მეზობელი, ჩვენი თაობის ბიჭი – ვანო აბაშიძე ჩავისვით.

მთელი ქალაქი ფეხბურთით სუნთქავდა და საღამოს მოლოდინში იყო.

ასეთი სიმაღლისთვის ხომ არასოდეს მიგვიღწევია – პირველად ისტორიაში ფინალში ვიყავით.

ვანომ – მკითხავმა თქვაო, 2-1-ს ვიგებთო და ერთს გუცაევი გაიტანსო.

არ მახსოვს, დავიჯერე თუ არა, მაგრამ რაც იმ საღამოს ხდებოდა, 8 წლის ბავშვს ისე დამამახსოვრდა, როგორც გუშინდელი დღე.

ტელევიზორი გაფუჭებული გვქონდა (ხშირად ფუჭდებოდა მაშინდელები
) და მეზობლებთან – თენგიზ სანიკიძის ოჯახში მოვიყარეთ ყველამ თავი. ჩვენს თავზე ცხოვრობდნენ. სხვებიც იქ იყვნენ, ბევრნი. და საერთო, დიიიდი მოლოდინი იდგა.

ყველაფერი მახსოვს. დიუსელდორფი. უჩვეულოდ ხასხასა მინდორი. კოტე მახარაძე. ჩვენი გუნდის შემადგენლობა (დღემდე რომ ზეპირად შემიძლია ჩამოვთვალო). კრაუზე. ჰოპეს გოლი. უცნაური ჟესტი და ჩვენი გაციებული დუმილი.

მერე გუცაევის საპასუხო გოლი. სანამ აზრზე მოვედი, ბაგების სამივე კორპუსმა ერთად იხუვლა და იღრიალა (ფანჯრები ღია იყო და ეს საერთო სიხარული კიდევ უფრო ძლიერი ხდებოდა). უცებ ზურგიდან იღლიებში თენგიზი ბიძიას ხელებმა მტაცა და ჰაერში ამაგდო. ოღონდ არ მახსოვს, ერთხელ თუ ორჯერ.

მერე დარასელია. ისევ ჰაერში აღმოვჩნდი. ისევ არ მახსოვს, რამდენჯერ.

იყო ღრიალი, უკიდეგანო სიხარული. იყო „ლიკუეტ სტალიცა გრუზიი“. იყო მსაჯისთვის ბურთის ქართულად წართმევა და ხიზანიშვილის გამომშვიდობება – კოცნა გამოგვიგზავნა პირდაპირი ეთერით (პირველად ვნახე, ასეთი რამ არ ხდებოდა სსრკ-ში). და ტრანსლაციაც შეწყდა. საბჭოთა კავშირი იყო და დაჯილდოებას არ გვაჩვენებდნენ. რაც ვიხილეთ, იმაზეც მადლობლები უნდა ვყოფილიყავით.

სახლისკენ დავეშვით კიბეებზე. გარეთ მანქანების კარების ჯახუნები იყო. ჯერ აქა-იქ და მერე უფრო მეტი. ხალხი გარბოდა. ალბათ ბევრმა არც კი იცოდა, სად. გარბოდა სიხარულის ამოსახეთქად. მამა ფრთხილი იყო და არ წაგვიყვანა. პატარები ვიყავით და შუაღამე იყო. მერე გავიგეთ, რომ სტადიონზე გაცვივდა მთელი ქალაქი და იყო ერთი ყიჟინა და ზღვა სიხარული…

მთელი ბავშვობა ამ სიხარულით ვცხოვრობდი და დღემდე მომყვება. ასეთი ბედნიერი დღეები სულ რამდენიმეა ხოლმე წუთისოფელში. საბჭოეთში დაბადებულ-გაზრდილმა პირველად ვიგემე ნამდვილი გამარჯვების გემო და მას შემდეგ არასოდეს მავიწყდება. მახსოვს ისიც, რომ არავის გაუვლია აზრად, რომ ეს საბჭოთა კავშირის წარმატება იყო, რადგან ყველამ ვიცოდით, რომ ეს ნამდვილი ქართული გამარჯვება გახლდათ!

სულ სხვა რამაა ჩემი 13 მაისი და სულ ასეთად დარჩება.

ვერასოდეს ვეგუები და არც არასოდეს მივიღებ, რომ ეს მხოლოდ ისტორიაა. და რომ გამარჯვებები მხოლოდ წარსულ ბრძოლებშია.

არასოდეს დავიჯეროთ, რომ წინ დიდი გამარჯვებები არ გველის!

გამარჯვება, გამარჯვება!..

(პოსტი გამოქვეყნებულია ავტორთან შეთანხმებით)

კომენტარები გამორთულია