რა დაუჯდა გარდაბნის მუნიციპალიტეტს სააღდგომოდ გაშლილი სუფრა

0
531

ტენდერი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით გასამართი ღონისძიების მოსაწყობად, გარდაბნის მუნიციპალიტეტმა მიმდინარე წლის აპრილის თვეში 16`990.00 ლარზე გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობა სამმა პრეტენდენტმა მიიღო. მინიმალური თანხა 8500 ლარი დაფიქსირდა, თუმცა გამარჯვებულად სხვა გამოცხადდა 11`499.00 ლარით. პრეტენდენტს, რომელმაც 8500 ლარი დააფიქსირა დოკუმენტაციაში ტექნიკური ხარვეზების გამო დისკვალიფიკაცია მიეცა.

21 აპრილს, გარდაბნის ცენტრში ქართული ესტრადის ცნობილმა სახეებმა: მაკა ზამბახიძემ, სალომე ბაკურაძემ და ქართულმა ხმებმა სააღდგომო ღონისძიებაზე სიმღერები შეასრულეს, გარდა ამისა, ცენტრალური ქუჩა მორთული იყო სადღესასწაულოდ და ქუჩეში სხვადასხვა სახის აქტივობა საზეიმო განწყობას ქმნიდა. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, სააღდგომო ზეიმი მხოლოდ კონცერტით არ შემოფარგლულა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, სააღდგომოდ, რუსთავში, ლომოურის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში მიიწვია სტუმრები, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტის, წარმომადგენლობითი ხარჯებიდან 7 377 ლარი დახარჯა. შესყიდვების სააგენტოს გვერდზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, ცნობილია მხოლოდ თანხის ოდენობა, მას არ ერთვის არც მენიუს ჩამონათვალი და არც სტუმართა რაოდენობა.

დეტალების გასარკვევად „ტელეგრაფი“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაუკავშრდა. როგორც გვითხრეს, აღნიშნული ინფორმაცია საჯაროა და ის მხოლოდ წერილობითი მიმართვის შემდეგ გადმოგვეცემოდა. მიუხედავად იმისა რომ, წერილი შემჭიდროვებული ვადებით მოვითხოვეთ და ორშაბათს უნდა მიგვეღო, დღეს გაირკვა, რომ პასუხისმგებელი პირი შვებულებაშია. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ ინფომრაციის მოწოდების შემდეგ იქნება შესაძლებელი გავიგოთ, თუ ვინ ყავდათ დღესასწაულზე მიწვეულნი და რამდენ ადამიანზე იყო სუფრა გაშლილი, რომლისთვისაც ადგილობრვი ბიუჯეტიდან 7 377 ლარი დახარჯა.

P.S ინფორმაცია, რომლის მოთხოვნასაც წერილობითი მიმართვის ფორმით გვთხოვს გარდაბნის მუნიციპალიტეტი, წესით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე უნდა იყოს განთავსებული.

(C) Telegraph.ge

„უხელფასო” გამგებელი – რა ქონებას ფლობს გოჩა ჯამარაული

კომენტარები გამორთულია