​ხელოვნური ბარიერები რუსთავის ეზოებში – რა ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს გზის თვითნებური ჩახეგვა

0
571

რუსთავში ალბათ ძალიან იშვიათია საცხოვრებელი კორპუსის ეზო, სადაც ეზოს ერთი მხარე ჩაკეტილი არ არის. მოსახლოების თვითნებური გადაწყვეტილებით, ხელოვნური ბარიერები, თითქმის ყოველ მეორე ეზოში გვხვდება. რის გამოც არაერთი პრობლემა შექმნილა. დისკომფორტი არა მარტო მოქალაქეებს ექმნებათ, არამედ სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სახანძრო სამსახურის ეკიპაჟებსაც.

„ტელეგრაფი“ დაინტერესდა რამდენად ხელისშემშლელია აღიშნული გარემოება და რა პოზიცია აქვთ რუსთავის ზედამხედველობის სამსახურში საკითხთან დაკავშირებით.
როგორც ირკვევა, ხელოვნური ბარიერების არსებობა სასწრაფო სამედიცინო დამხარებისთვისაც პრობლემას წარმოადგენს.

როგორც რუსთავის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი, პაატა ბაჩილავა „ტელეგრაფთან“ საუბრისას აცხადებს, უმჯობესია მოქალაქეებმა თვითნებური ბარიერების დამონტაჟებისგან თავი შეიკავონ.

„მიუხედავად იმისა რომ, ბარიერები ბევრგან არის დამონტაჟებული, მძღოლებმა უკვე იციან და სიტუაციის შესაბამისად მოქმედებენ, ამიტომ მათ განსაკუთრებული პრობლემა ჯერ არ შეხვედრიათ. თუმცა, უმჯობესი იქნება რომ მოსახლეობამ თავი შეიკავოს ეზოების ჩაკეტვისგან და ეს მხოლოდ შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით გააკეთონ” – განაცხადა პაატა ბაჩილავამ.

რაც შეეხება რუსთავის ზედამხედველობის სამსახურს, მისი ხელმძღვანელი ლევან კუპატაძე „ტელეგრაფთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ გზის ჩახერგვა ეზოებში საკმაოდ დიდი პრობლემაა ქალაქისთვის.

„ეზოების ჩახერგვაზე, ადინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის შესაბამისად ჩვენი სამსახური ვალდებულია რეაგირება მოახდინოს. ყოფილა ბევრი ფაქტი, რომელიც აღვკვეთეთ და ასევე, ჯარიმებიც დავაკისრეთ მოქალაქეებს. მომავალში ამ საკითხზე უფრო ინტენსიურად დავიწყებთ მუშაობას, ვინაიდან ეს ძალიან სერიოზული პრობლრმაა. ხშირ შემთხვევაში სამართალდამრღვევის აღმოჩენა რთულია, ვინაიდან, აღნიშნული ფაქტები გვიან ღამით ხდება, ამიტომ რეაგირება ჩვენი ძალებით გვიწევს. რაც შეეხება ჯარიმებს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსი გვაძლებს საშუალებას ორი მიმართულებით მივუდგეთ საკითხს, როგორც მსუბუქი კონსტრუქციის განთავსება, რაზეც 500 ლარიანი ჯარიმაა, ასევე გზის ჩახერგვის კუთხით, როლმელზეც 200 ლარიანი ჯარიმაა. ჯარიმის დაკისრება-არდაკისრებას სასამართლო წყვეტს, ჩვენ ვადგენთ სამართალდარღვევის ოქმს და საქმე სასამართლომდე მიგვყავს” – ამბობს ლევან კუპატაზე.

ჯარიმების არსებობის მიუხედავად, ქალაქში ეზოების ჩაკეტვის უამრავი ფაქტია. მოსახლეობა ეზოების დაკეტვას, ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნვას უკავშრებს. „გიჟებივით დადიან მანქანები, ეზოში ბავშვს ვერ ჩამოუშვებ შიშით და ამიტომაც ვკეტავთ“ – განუცხადა „ტელეგრაფს“ ერთ-ერთი ეზოს მაცხოვრებელმა, რომლის აზრსაც მეზობელთა უმეტესობა იზიარებს.

მოხდება თუ არა აღნიშნული პრობლემის მოგვარება უცნობია. თუმცა, ფაქტია რომ თვითნებურად დამონტაჟებული ბარიერები მოსახლეობის უმეტეს ნაწილს მოსწონს და მისი აღების წინააღმდეგნი არიან.

კომენტარები გამორთულია