გარეული ცხოველებით ვაჭრობის ფაქტები

0
192

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის თანამშრომლებმა გარეული ცხოველებით ვაჭრობის ფაქტებზე რეაგირება მოახდინეს.

მოქალაქეებს, გარეული ცხოველების, მათ შორის, საქართველოს წითელი ნუსხით დაცული სახეობის გაყიდვის შესახებ განცხადებები, ინტერნეტმაღაზია – mymarket.ge-ზე ჰქონდათ განთავსებული.

დეპარტამენტის თანამშრომლები დაუკავშირდნენ აღნიშნულ მოქალაქეებს, რომელთაგან ორი არასრულწლოვანი აღმოჩნდა. ვინაიდან მათ მიმართ ვერ გატარდებოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ზომები, არასრულწლოვანებს ჩამოერთვათ ახსნა-განმარტება და მიეცათ სიტყვიერი გაფრთხილება. დეპარტამენტის ინსპექტორებმა დატყვევებული ცხოველები (რეპტილიები) საარსებო გარემოში დააბრუნეს.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი ერთი მოქალაქის მიმართ შედგა, რომელიც mymarket.ge-ზე საქართველოს წითელი ნუსხით დაცულ სახეობას – ხმელთაშუაზღვეთის კუს ჰყიდდა. ინსპექტორებმა მას ჩამოართვეს ცხოველი და დროებით, საქმის განხილვამდე, ზოოპარკს მიაბარეს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, რაც წითელი ნუსხით დაცული სახეობებით ვაჭრობაზე სანქციას გულისხმობს, ითვალისწინებს საჯარიმო თანხას 150-დან 850 ლარამდე.

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტსა და ვებგვერდ www.mymarket.ge -ის შორის გაფორმებულია წერილობითი შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ცხოველებითა და დერივატებით ვაჭრობის კატეგორიაში განცხადების გამოქვეყნებამდე, მომხმარებელი ვალდებულია მონიშნოს შემდეგი გრაფა – „ვეთანხმები გარეული ცხოველით ვაჭრობის აკრძალვის წესებს“. აღნიშნული ფუნქცია ემსახურება გარემოსდაცვითი დანაშაულის პრევენციასა და გამოვლენას. ინფორმაცია მოიცავს საჯარიმო სანქციების ოდენობის შესახებ გაფრთხილებასაც, შესაბამისად პირი ინფორმირებულია მოსალოდნელი შედეგების შესახებ.

კომენტარები გამორთულია