თეატრების დაფინანსების ახალი სქემის სამუშაო მოდელი მზად, სავარაუდოდ, მაისის ბოლოს იქნება

0
121

თეატრების დაფინანსების ახალი სქემის სამუშაო მოდელი მზად, სავარაუდოდ, მაისის ბოლოს იქნება. ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, სამუშაო მოდელს ხელოვნების დეპარტამენტი ამზადებს და ახლო მომავალში საკითხზე მსჯელობა ფართოდ დაიწყება. სქემის ჩამოყალიბებაზე მუშაობა თავად თეატრების ხელმძღვანელებთან ერთად გაგრძელდება.

”ჩვენ ვყალიბდებით გარკვეულ სამუშაო მოდელზე, მათ შორის, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, რომელსაც სამსჯელოდ შევთავაზებთ როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონების თეატრების ხელმძღვანელებს. ვფიქრობ, ერთობლივი მსჯელობის შედეგად მივალთ კონკრეტულ მოდელამდე, რომელსაც დავამტკიცებთ, ყველა თეატრისთვის მისაღები იქნება და ამ მოდელის მიხედვით აეწყობა სამინისტროსა და თავად თეატრების ურთიერთობა. ხელოვნების დეპარტამენტი ამზადებს სამუშაო მოდელს და ახლო მომავალში მსჯელობას ძალიან ფართოდ გავშლით. ვფიქრობ, თვის ბოლომდე თეატრების დაფინანსების ახალი სქემის სამუშაო მოდელი მოსაზრებების დონეზე მზად იქნება. შემდეგ, სქემის ჩამოყალიბება თავად თეატრების ხელმძღვანელებთან ერთად მოგვიწევს”, – აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.

როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა განმარტა, მისი სურვილია, რომ საკითხის განხილვა საჯაროდ მოხდეს და პროცესში თეატრმცოდნეები, სფეროს პროფესიონალები ჩაერთონ.

ერთი თვის წინ, კულტურის მინისტრმა განაცხადა, რომ თეატრის ხელმძღვანელები დამატებითი დაფინანსების მოსაზიდად არაფერს აკეთებენ. როგორც მინისტრმა განმარტა, მაღალი ხარისხის ჩართულობით, საჯაროობითა და საერთო კონსესუსის შედეგად, თეატრებისთვის დაფინანსების ახალი სისტემის შეთავაზება იგეგმება.

წყარო: ipn

კომენტარები გამორთულია