საიას მოსაზრებები ინფორმაციის თავისუფლების კანონპროექტზე

0
160

საია-მ ინფორმაციის თავისუფლების კანონპროექტზე საკუთარი მოსაზრებები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარუდგინა.

საიას მოსაზრებები შეეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა პროფესიული საიდუმლოების განმარტება, შიდა მოხმარების დოკუმენტთა ჩამონათვალი, საჯარო ინფორმაციის წლიური ანგარიშების შინაარსი და მათი შემდგომი განხილვის პროცედურა, საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადები, არაგონივრული საჯარო ინფორმაციის მარეგულირებელი მუხლის დახვეწა, საჯარო ინფორმციის განსაიდუმლოებისა და დასაიდუმლოების საფუძვლები, ინფორმაციის თავისუფლების კომისიონერის თანამდებობაზე არჩევის პროცედურა, პერსონალურ მონაცემთა დამუშავება, ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და აღსრულების ვადები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის გათვალისწინებული სანქციების ოდენობა და სხვა საკითხები.

ამავდროულად აუცილებელია აღინიშნოს, ინფორმაციის თავისუფლების კანონპროექტის პროგრესული ბუნება, რომელიც აერთიანებს ისეთ მნიშვნელოვან ინიციატივებს, როგორიცაა საჯარო დაწესებულებათა წრის გაფართოება, საჯარო ინტერესისა და ზიანის ტესტის შემოტანა, დიდი მოცულობის საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრა,  ღია მონაცემების ერთიანი პორტალის შექმნის ვალდებულების დაწესება, ეფექტური უფლებამოსილებებით აღჭურვილი ინფორმაციის თავისუფლების კომისიონერის შექმნა, ინფორმაციის თავისუფლების სფეროში მოქმედი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების განსაზღვრა და სხვა.

„ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობის განახლება უდაოდ წარმოადგენს დროულ და აუცილებელ საჭიროებას. სწორედ ამიტომ სამოქალაქო სექტორში არსებობს ძალიან მაღალი მოლოდინი, რომ აღნიშნული კანონპროექტი დროულად იქნება წარდგენილი საკანონმდებლო ორგანოში და პარლამენტი მხარს დაუჭერს მას. რაც მთავარია, იმედი გვაქვს, სრულად შენარჩუნდება ყველა ის გაუმჯობესება, რომელიც მისი ამჟამინდელი რედაქციის შემადგენილი ნაწილია.” – აცხადებენ საიაში.

კომენტარები გამორთულია