ახალი სახელმწიფო პროგრამა იწყება

0
259

მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების მიზნით, ახალი სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ახალი პროგრამის ინიციატორი სოფლის მეურნეობის სამინისტროა და იგი მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მეცხოველეობის განვითარებას.

„იმისათვის რომ არ მოხდეს მთიანი რეგიონების მოსახლეობისგან დაცლა და ხელი შევუწყოთ მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას, სოფლის მეურნეობის სამინისტრო გამოდის მნიშვნელოვანი ინიციატივით.  მინდა, ამისთვის მადლობა გადავუხადო სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევად დავითაშვილს. პროგრამა ითვალისწინებს, მთიან რეგიონებში კოოპერატივების შექმნის შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან  მთელ რიგ დახმარებებს, მათ შორის ტექნიკისა და სათიბ-საძოვრების გადაცემას, რათა ხელი შევუწყოთ მეცხოველეობის განვითარებას. ეს პროგრამა ორი წელს მოიცავს და სახელმწიფოს მხრიდან იქნება 6 მილიონი ლარი გამოყოფილი,” – აღნიშნა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, პირველ ეტაპზე, პროგრამის ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, უკანაფშავის  ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო ააშენებს რძის გადამამუშავებელ საწარმოს და უზრუნველყოფს მის სრულ აღჭურვას.

„აღნიშნული საწარმო, პირდაპირი მიყიდვის წესით, გადაეცემა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, რომელიც 8 წლის განმავლობაში დაფარავს საერთო საბალანსო ღირებულების 23%-ს. ეს არის სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერების მიზნით. მოდელად ჩვენ ავიღეთ ერთობლივი ქართულ-შვეიცარიული  კომპანიის „ბლაუენშტაინ საქართველოს”  ძალიან წარმატებული პროექტი, რომელიც რაჭაში ხორციელდება. ეს პროგრამა გავრცელდება სხვა მაღალმთიან რეგიონებშიც,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა

კომენტარები გამორთულია