გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევებზე კანონმდებლობა მკაცრდება

0
90

გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევებზე კანონმდებლობა მკაცრდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, სისხლის სამართლის და ნარჩენების მართვის კოდექსებში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტები განიხილება.

„მთავრობის გადაწყვეტილებით, შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში კანონმდებლობის მნიშვნელოვან გამკაცრებას ითვალისწინებს. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების და ნადირობის წესების დარღვევის შემთხვევაში.

გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულებებს უფლებამოსილება მიეცემათ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მთელი რიგი მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენისას ადგილზე მოახდინონ ოქმის გამოწერა, დაჯარიმება.

კანონპროექტი ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან ნარჩენებით გარემოს დაბინძურების შემთხვევაშიც მნიშვნელოვან გამკაცრებას ითვალისწინებს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს აქვს პრეტენზია და არის ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული ქვეყანა.

„ყოვლად მიუღებელია გარემოს ის დაბინძურება, რაც გვაქვს. განსაკუთრებით ავტომაგისტრალების მიმდებარე მიდამოებში არის ძალიან მძიმე სურათი. მე უკვე გავეცი დავალება, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა და გამგებლებმა მიხედონ თავიანთ რაიონებში მაგისტრალის გარშემო დაბინძურების საკითხებს და ასევე, ეს კანონი დაგვეხმარება იმისთვის, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მივიღოთ. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აღსრულების საკითხშიც იქნება თანმიმდევრული მიდგომა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

წყარო: ipn

კომენტარები გამორთულია