სოფელ ასურეთის მარანს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

0
1399

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ასურეთში მდებარე მარანს 2017 წლის 1 მაისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ასურეთის მარანი მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ასურეთში. მარანი 1931 წელს აშენდა ავსტრიელი და გერმანელი ინჟინრების – მაიერისა და პაუერის პროექტით. მშენებლობას ხელმძღვანელობდა ბერძენი ინჟინერი – ივანე მურატიდი. მარანი შედგება ორი ძირითადი მოცულობისგან – სამხრეთ-ჩრდილოეთ ღერძზე წაგრძელებული ძირითადი ნაწილი, რომელსაც დასავლეთ ფასადზე მძლავრად შვერილი რიზალიტი აქვს, შიდა ეზოს მოიცავს. მას აღმოსავლეთიდან ეკვრის დიდი ზომის სწორკუთხა ნაგებობა. მისი ინტერიერი აღმოსავლეთ-დასავლეთ ღერძზე წაგრძელებულ სამ დარბაზად არის დაყოფილი. თითოეულ დარბაზს დამოუკიდებელი ორფერდა სახურავი აქვს. შენობის ეზოს მაღალი გალავანი შემოსაზღვრავს. ეზოში შესასვლელი ლითონის ჭიშკრები ზღუდის დასავლეთ და სამხრეთ კედლებშია განთავსებული. მარანი ერთსართულიანია სარდაფითა და მანსარდით. არაერთგვაროვანი რელიეფის გამო სარდაფს ჩრდილოეთი და დასავლეთი მხრიდან ნახავარსადრაფის სახე აქვს, ხოლო სამხრეთი მხრიდან შენობა ორსართულიანია. მარანი ადგილობრივი ჯიშის ქვის კვადრებით არის ნაგები. კვადრებს შორის სივრცეს დეკორატიული ნალესობა ავსებს. ცოკოლის არეზე სუფთად გათლილი ბაზალტის ფილებია გაკრული, ხოლო სარდაფის მშვილდთაღოვანი ღიობების მოსაპირკეთებლად რუსტირებული ქვებია გამოყენებული. შენობის გართულებული გეგმარება გარე მასებშიც არის გამოვლენილი, რის გამოც ფასადები დატეხილია. რიზალიტიან ნაწილს დარაბებით დახურული მშვილდთაღოვანი კარების მწკრივი გაუყვება. ასეთივე ფორმის ფანჯრები მანსარდის კედლებშიც არის გაჭრილი. ამ მოცულობის უკან განთავსებული მონაკვეთის კედლებს სწორკუთხა ფანჯრების უწყვეტი რიგი ანაწევრებს. ცენტრალური შესასვლელები ნაგებობის დასავლეთ (რიზალიტის ფარგლებში), ჩრდილოეთ და სამხრეთ ფასადებშია მოწყობილი. დასავლეთი კარის ნახევარწრიულ თაღს კასრითა და ყურძნის მტევნებით გაფორმებული საჭექი ქვა აქვს. მასზე სამშენებლო წარწერაა ამოჭრილი. გარედან სარდაფში შესასვლელი ერთადერთი კარი ჩრდილოეთი ფასადის მარცხენა კიდეშია განთავსებული. ის მიწის დონიდან ქვემოთ არის გაჭრილი. მისკენ რამდენიმესაფეხურიანი ქვის კიბე მიემართება. მიწის კიდეები ქვით ამოყვანილი საყრდენი კედლებით არის გამაგრებული. კარის წინ მცირე ბაქანია მოწყობილი. სამხრეთი მხრიდან მარანი ორსართულიანია. პირველი სართული სარდაფის საყრდენი კედელია, რომელიც მძლავრი კონტრფორსებით არის გამაგრებული. მეორე სართულის წინ ბეტონისიატაკიანი დიდი ტერასაა მოწყობილი. მარნის მიწისქვეშა სართულში ქვის კამაროვანი გვირაბებია მოწყობილი. აქვეა განთავსებული ღვინის შესანახი საცავი. მხატვრულ-არქიტექტურული გადაწყვეტის მხრივ და სივრცითი ორგანიზების თვალსაზრისით განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს შენობის დასავლეთ მონაკვეთში, რიზალიტის ფარგლებში განთავსებული დახურული შიდა ეზო. მის პირველ სართულზე სარდაფის გვირაბების ნახევარწრიული ღიობები გამოდის, ხოლო მეორეზე ის ოთხი მხრიდან ხისრიკულებიანი მოაჯირით არის მოსაზღვრული. ჩრდლოეთ და სამხრეთ კედლებში გვერდით ოთახებში გასასვლელი ნახევარწრიული ღიობებია მოწყობილი, ხოლო აღმოსავლეთ კედელის ზედა ნაწილში კარია გაჭრილი. მის წინ განთავსებულია ხის მცირე ზომის ბაქანი, რომლის ორივე მხარეს ხის კიბეებია მიდგმული. მათგან მარცხენა სარდაფში ჩადის. მარნის უკანა მონაკვეთი სამ ძირითად დარბაზად არის დაყოფილი. ყველა ოთახს ხის ძელებით აწყობილი ჭერი აქვს. იატაკი ქვის ფილებით არის მოპირკეთებული. შენობის ყველა ოთახს კრამიტით დაბურული დამოუკიდებელი სახურავი აქვს. ისინი ხის ნივნივებზეა გამართული. სახურავის ფრონტონის არეები შეფიცრულია. მარანი გერმანული კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია საქართველოში.

კომენტარები გამორთულია