„ლურჯი ვეშაპი“ – ახალგაზრდა თვითმკვლელთა კლუბი

0
754

ნევროლოგი გია კვარაცხელია სოციალურ ქსელში კომპიუტერულ თამაშ „ლურჯ ვეშაპზე” წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

ის, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ, სამეცნიერო ფანტასტიკის ახალი რომანიდან ან მხატვრული ფილმიდან (თუნდაც სერიალიდან) ამონარიდი ნუ გეგონებათ – საუბარია რეალობაზე, შემზარავზე და სახიფათოზე, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების თაობას, მოზარდთა და ყმაწვილთა სიცოცხლეს რომ ემუქრება…
*
რუსეთში, ამ თემაზე, წელიწადზე მეტია, რაც განგაშის ზარს რეკენ, ევროპაში (განსაკუთრებით, დიდ ბრიტანეთში) – დაახლოებით 8 თვეა, საბერძნეთში – მაისის დასაწყისში იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩრდილოეთის პატარა ქალაქ კატერინის მაცხოვრებელ 15 წლის გოგონას ფეხების თოკით შეკვრა და ტრანკვილიზატორების მთელი კოლოფის დალევა უბრძანეს… საქართველოში – აქა-იქ გაიჟღერა საიტების მიერ, ჩვეულ – თარგმნით-თუთიყუშურ სტილში, ქსელის მომხმარებელთაგან მწირი გაზიარებებითა და ასევე ჩვეულ „უფალი გვიშველის“ და ანტირუსულ/ანტიევროპულ/ანტი-ინტერნეტული სქოლიოებით…
*
არადა, საუბარი 300-მდე მოზარდზე, ყმაწვილზე და ახალგაზრდაზეა (აქედან, 170 რუსეთში ცხოვრობდა), 300-მდე ადამიანზე, რომელთაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს – არა რაიმე სერიოზული მიზეზის, არამედ … ინტერენტ-თამაშის გამო.
*
ყველაფერი რუსეთიდან დაიწყო, თუმცა ეს ქსელთაშორისური სიგიჟე წამსვე მოედო უკრაინასაც. თამაშის უკან დგანან ადამიანები, რომლებიც მოთამაშეებისგან (წაიკითხე – „მსხვეპლთაგან“), მას შემდეგ რაც ისინი თამაში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამენ, ითხოვენ მათ მიერ გაცემული დავალებების შესრულებას.
*
ამ საოცრად სახიფათო თამაშის სახელწოდებაა „ლურჯი ვეშაპი“, რუსულ დედანში – «Синий кит» («море китов», «тихий дом»), ინგლისურად – «Blue Whale Challenge», ბერძნულად: «Μπλε φάλαινα» – შესაძლოა, თამაშის 21 წლის დამფუძნებელი, მეტსახელად – „ლის“-ი, მანიაკად მონათლოს მავანმა, მაგრამ ბრიყვად – არც შემთხვევაში – სიმბოლურობა, სულ მცირე, სამმაგია და ბოლო – ყველაზე შემზარავი.
*
ვეშაპისა და ლურჯი ფერის სიმბოლიკას ბიბლიური ისტორია აქვს – ვეშაპი ანსახიერებს საუკუნე გარდაცვალებას, ბიბლიური კიტის მოხსენიებით, რომელმაც იონა გადაყლაპა, ლურჯი ფერი კი – სასოწარკვეთილების სიმბოლოა. მეორე: უკვე რამდენიმე ათწლეულია, ლურჯი ვეშაპები (ათეულობით, ხან ცალკე და ხან – კოლექტიურად) ოკეანედან ნაპირზე, ხმელეთზე ხტებიან და თვითმკვლელობით ასრულებენ სიცოცხლეს – ფენომენი აქამდე ამოუხსნელი, იქტიოლოგებისა და ბიოლოგების მიერ. და ბოლოს, ლურჯი ვეშაპი ყველაზე დიდი ცხოველია დედამიწის ზურგზე – ის, რასაც ბოლო დავალებით სთხოვენ მოთამაშეებს კურატორები – ყველაზე დიდ მსხვერპლთშეწირვას – „ლურჯ ვეშაპს“ – თვითმკვლელობას.
*

თამაშის კატასტროფული ინსტრუქციები და შანტაჟის მექანიზმი
————————————————————————–

როგორც კი მსხვერპლი ჰაშტაგს დააწვება, მასთან კონტაქტზე თამაშის კურატორი გამოდის და დავალებათა სიას აძლევს, ერთი პირობით: არ ისაუბროს ამაზე არავისთან და მით უფრო – უფროსებთან (აქედან თამაშის მეორე დასახელებაც – «тихий дом»).
*
დავალებები, თავიდან, არცთუ რთულია – მაგალითად, ღამის 4:20 სთ.-ზე (დრო, სასწაული სიზუსტით შერჩეული, ფსიქოლოგიური ზემოქმედებისათვის) გამოღვიძება და რაიმე საშინელებათა ვიდეოს ყურება (რაც, ბევრი თინეიჯერისთვის არაა რთული და უჩვეულო ამბავი, მეტწილს არც კი სძინავს, ამ დროს) ან უცნაური, ელექტრონული მუსიკის მოსმენა, ასევე, იგივე საათზე ახალ დავალებათა მიღება და შესრულებულთა ჩვენება – აქედან თამაშის კიდევ ერთი სახელწოდება – „4:20“, რომელსაც ასევე f57 da f58 სახელითაც იცნობენ.
*
შემდეგში, ოღონდ (როცა რაიმე „შარია“, თუ დააკვირდებით, ყოველთვის ჩნდება ეს, უცილობელი „ოღონდ“) დავალებები რთულდება, მოიცავს სხვადასხვა მჭრელ-მჩხვლეტი, ცივი იარაღების შეძენას (თუ არ გააჩნია ხელქვეით) და პირველ სერიოზულ გამოცდას: „ლურჯი ვეშაპის“ ამოკვეთას ხელის ან ფეხის კანზე.
*
თითოეული დავალების შესრულების შემდეგ, მოთამაშე ვალდებულია, დამამტკიცებელ საბუთად ატვირთოს ფოტოსურათი ან ვიდეო. მეტიც, ზოჯერ, ბავშვებისგან ითხოვენ, უშუალოდ თვითდაზიანების პროცესის ვიდეოზე გადაღებასაც კი.
*
ძველი, „კლასიკური გამოცემა“ თამაშისა, 50 დღეს მოიცავდა, სადღაც 30-ე დღიდან კურატორის მიერ ფარული ბმულის მიცემით, რომელზე გადასვლის შემდეგ მოთამაშე, თავისდაუნებურად, საკუთარ კომპიუტერულ საიდენტიფიაციო და მისგან გამომდინარე, რეალურ საცხოვრებელ მისამართს ამჟღავნებდა და შემგომში უკვე, უფრო იოლ მსხვერპლად იქცეოდა, ვინაიდან, ბოლო დავალებამდე მისულს, უკან დახევის შემთხვევაში, კურატორი მას დაწვრილებით აღუწერდა მის საცხოვრებელ გარემოს, ეუბნებოდა, რომ მას აკვირდებიან და თუ „ლურჯ ვეშაპს“ არ შეასრულებს, მაინც მოაკვდინებენ ან ამოუწყვეტენ ოჯახის წევრებს. ამჟამად, კრიმინალისტებისგან დევნის გამო, ეს ვადა – 50 დღე, მნიშვნელოვნად „დაჩქარებულია“ – კიდევ ერთი შემაშფოთებელი ფაქტი.
*
კურატორ-მსხვერპლის გასაუბრების ვარიანტები
——————————————————————-

რათა ახლოდან გარკვეულიყო თამაშის და მის უკან მდგომათა დირექტიულ მეთოდებში, Radio Free Europe -ის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა 15 წლის გოგონას როლი გაითამაშა. მისი დიალოგი კურატორთან შემდეგნაირად წარიმართა:
*
ჟ უ რ ნ ა ლ ი ს ტ ი: „ლურჯი ვეშაპის“ გამოწვევის მიღება მსურს.

კ უ რ ა ტ ო რ ი : დარწმუნებული ხარ? თუ დაიწყებ, უკანდასაბრუნებელი გზა აღარ იარსებებს.

ჟ უ რ ნ ა ლ ი ს ტ ი : რას ნიშნავს ეს? რას ნიშნავს, უკანადასბრუნელი გზა არ იარსებებს?

კ უ რ ა ტ ო რ ი : აღარ შეგიძლია თამაშის დატოვება, როდესაც დაიწყებ მას.

ჟ უ რ ნ ა ლ ი ს ტ ი : მზად ვარ.

კ უ რ ა ტ ო რ ი : ყველა გამოწვევა, ყველა დავალება წარმატებით უნდა შეასრულო. და არავინ არ უნდა გაიგოს ამის შესახებ. როდესაც შეასრულებ დავალებას, მიგზავნი ფოტოსურათს. თამაში ბოლოს კვდები. თანახმა ხარ?

ჟ უ რ ნ ა ლ ი ს ტ ი : თუ შეჩერება მომინდება?

კ უ რ ა ტ ო რ ი : გამორიცხულია. ყველა შენი მონაცემი ხელთ გვექნება უკვე. არ გაგახარებთ.
*
პირველი დავალება, რომელიც მიიღო იყო: „ამოიკვეთე f58 მხარზე“. ჟურნალისტმა სცადა, გაეგზავნა ყალბი ფოტოგრაფია, დამუშავებული ფოტოშოპის მეშვეობით, მაგრამ კურატორი მიუხვდა და აღარ დაეკონტაქტა.
*
„ლურჯი ვეშაპის“ მამა და მიზანნი მისნი
———————————————————-
ადამიანი, რომელიც ამ „თვითმკვლელთა თამაშის“ უკან დგას სანკტ-პეტერგბურგელი (ყველაფერი იქიდან იწყება, ისტორიულად) ფილიპ ბუდეიკინი, მეტსახელად – ფილიპ ლისია და მხოლოდ 21 წლისაა. მეტიც, 2013 წელს, როდესაც ამ თამაშის „აწყობა“ დაიწყო, მხლოდ 17 წლის იყო. ამჟამად, ბრალი ედება, სულ მცირე 16 თვითმკვლელობის ინსპირირებაში. გასული წლის დეკემბრის თვიდან თავისულებააღკვეთილია, რუსი სამართლდამცავების მიერ.
*

ფანტასტიურად ბანალურია მისი პასუხი ტელეწამყვანის კითხვაზე, თუ რა იყო საბაბი ამ თამაშის წამოწყებისა – „თვითგამოხატვა, პოპულარობისა და ლაიკების მოპოვება“, – იყო მისი სიტყვები, სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთ სატელევზიო გადაცემაში.
*
შემდგომში, ახალგაზრდა რუსმა ფილოსოფიური პლატფორმაც შეუსაბამა საკუთარ სატანისტურ გასართობს და ყოველგვარი სინანულის (ან – მონანიების) გარეშე განაცხადა, რომ თვითმკველელები „ბიოლოგიური ბალასტს“ შეადგენენ და „გაასუფთავა საზოგადოება“.
*
მეტიც, ქალაქის ერთ-ერთი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში უთქვამს: „ნუ ღელავთ, ყველაფერს გაიგებთ. ყველა ყველაფერს გაიგებს. ბედნიერები იხოცებოდნენ. მივეცი ის, რაც არ გააჩნდათ: სითბო, გაგება, კონტაქტი“.
*
აღსანიშნავია კიდევ ერთი შემაძრწუნებელი ფაქტი: რუსეთის სასჯელთაღმსრულებელი კომიტეტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, სანკტ-პეტერბურგის „კრესტი“-ში დატუსაღებული ბუდეიკინი ყოველდღიურად ათობით, ინტიმური ხასაათის წერილს ღებულობს თაყვანისმცემელი გოგონებისგან, რაც იმას ამტკიცებს, რომ მოთამაშეები ემოციურ კონტაქტშიც შედიან კურატორებთან.
*

როგორ პოულობდა მსხვერპლს
——————————————-

თავიდან ქმნიდა გუნდებს, რომელშიც დავალებების შესრულების მოყვარული მოზარდები ერთიანდებოდნენ. ისინი, რომლებიც თამაშს მოსაწყენად ან უცნაურად თვლიდნენ, განთესვას და თამაშიდან გაყვანას ექვემდებარებოდნენ, ვინაიდან „ძლიერი ხასიათისად“ და მანიპულირებისადმი დაუმოჩილებლად ითვლებოდნენ.
*
{ინტერნეტის ბერძენ მომხმარებელთა ასოციაციის პრეზიდენტის, ნიკოს ვასილაკისის თქმით იმ ბავშვებთან დაკავშირებით, რომლებიც მონაწილეობას ღებულობენ თამაშში: „უმეტეს შემთხვევაში არსებობს რაიმე პრობლემური ურთიერთობა, ან მისი დასარული, ინტიმური იმედგაცრუება, რომელიმე პრობლემური ოჯახი ან თვით რომელიმე ფსიქოლოგიურად პრობლემური ბავშვური ნატურა, რომელიც ზედაპირზე გამოდის მსგავსი თვითგამხატვის მეშვეობით, მსგავსი „თამაშის“ დახმარებით.}
*
მოზარდებს და თინეიჯერებს, რომლებიც თამაშში რჩებოდნენ, ახალ „სამუშაოებს“ აძლევდა, როგორიცაა ვენების გადაჭრა, რომელიმე სახლის სახურავის ბორდიურზე წონასწორობის დაცვა ან რომელიმე შინაური ცხოველის მოკვლა – შეუცვლელად, საკუთარი საქციელის ფოტო-ვიდეო დადასტურების მოთხოვნით.
*
უმრავლესი ბავშვები ამ ეტაპზე ტოვებდნენ თამაშს, მაგრამ ყოველთვის რჩებოდა მომცრო, ერთიანი გუნდი (რომლის წევრებსაც უხაროდათ მსგავს, დახურულ „კლუბში“ყოფნა), რომელიც მუდამ მზად იყო „მენტორის“ ნებისმიერი დავალების შესასრულებად. მათგან განსაკუთრებით საზრიანებს, ფილიპ ბუდეიკინი მომავალ კურატორებად ამწესებდა, ნაკლებად საზრიანებსა და მეტად ემოციურებს კი…
*
ანტონ ბრეიდოს, „ლურჯი ვეშაპის“ საქმის საკვლევი კომიტეტის უმაღლესი ჩინის ოფიცრის თქმით: „ბუდეიკინმა მშვენივრად უწყოდა, რა უნდა გაეკეთებინა იმისათვის, რომ საკუთარი მიზნისთვის მიეღწია. დაკითხვაზე განაცხადა, რომ 12 წლის ასაკიდან ფიქრობდა ამის განხორციელებას. წამოიწყო 2013 წლიდან და მას შემდეგ სისტემატურად ასწორებდა საკუთარ შეცდომებს. ის და მისი დამხმარენი ბავშებს საწყის ეტაპზე VK-ში ( ВКонта́кте – ზეპოპულარული რუსული სოციალური ქსელი) პოულობდნენ და აგროვებდნენ. მათი მიზანი იყო, მიეზიდათ რაც შეიძლება მეტი მოზარდი და შემდეგში, გამოერჩიათ ისეთნი, რომლებიც ყველაზე მეტად დაექვემდებარებოდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას. იცოდნენ, რომ 20 000 ადამიანიდან მხოლოდ 20 იქნებოდა შესაფერისი.“
*
იქმნებოდა თვითმკვლელთა ჯგუფები, ტარდებოდა შეჯიბრებები, ნახევარფინალისტების, ფინალისტების და გამარჯვებულების გამოვლენით. ამჟამად, ძველი ჯგუფების უმეტესობა ლიკვიდირებულია, რუსეთის ელექტრონულ დანაშაულებებთან მებრძოლი განყოფილების მიერ, მაგრამ „კიდობანი“ უკვე გაიღო, თამაში ინტერნაციონალურ რელსებზეა შემდგარი, სხვა „ბუდეიკინების“ და მათი დამქაშების, სხვა სოციალური ქსლების და სხვა მოთამაშეების მეშვეობით…

(შესაბამისი ვიდეობმული: https://www.youtube.com/watch?v=jRIY-PiABo4)
*
რაც შეეხება ისტორიის დასაწყისში მოყვანილი კატერინელი გოგონას ამბავს, ქვედა კიდურებზე სამართებლით მიყენებული ტრავმების და ბოლო დავალების, ჭეშმარიტი „ლურჯი ვეშაპის“ მიღების შემდეგ, რომელიც ფეხების შეკვრას და ტრანკვილზატორების მთლიანი ყუთის დალევას ეხებოდა – მან მხოლოდ ორი აბი დალია, შემდეგ შეშინდა და ყველაფერი მშობლებს უამბო – შედეგად გადარჩა მოლოდ ერთდღიანი ჰოსპიტალიზაციით. ცოცხალი გადარჩა, ანუ…
*
საბერძნეთის სამართლდამცავების რეაგირება მომენტალური იყო, მსგავსი შემთხვევებისთვის ცხელი ხაზის ნომრის დადებით და ახალი ცირკულარების შემუშავებით. განათლების სამინისტრო პედაგოგთა საინფორმაციო სემინარს გეგმავს, რიგგარეშე შეკრება აქვს გამოცხადებული საბერძნეთის ფსიქიატრთა და ფსიქოლოგთა ასოციაასაც.
* * *
როდესაც მსგავს რამეზე წერ, ყოველთვის სიფრთხილეა საჭირო – თემა ორლესული მახვილივითაა და მის წამკითხველ ვინმე თინეიჯერს, ბუდეიკინისეული „გენიალურ“ – ნარცისული ტვინით ან მის მსხვერპლ-მოთამაშის მსგავსი დათრგუნული ფსიქიკით, შესაბამისად, მსგავსი თამაშის ეროვნულ დონეზე შექმნის ან მასში მონაწილეობის იდეა მიაწოდო, შესაძლოა. ვიფიქრე ესეც…
*
მაგრამ, ფენომენი, თუ დაუკვირდებით, ორმხრივია, არაა მხოლოდ პოტენციური „მსხვერპლი“ (რომელიც უამრავია, განსაკუთრებით ქართული, დედათა ემიგრაციის ფონზე – მოზარდები ფსიქიური პრობლემებით), არამედ პოტენციური „ბუდეიკინებიც“ რომლებიც მეტი და მეტი რაოდენობით ჩნდებიან. თამაშებიც მრავალფეროვნდება და სახეს იცვლის – თებერვლის თვიდან მოდაშია „გაიქეცი ან მოკვდი“ – თამაში, რომელიც მოზარდებს აიძულებს (კურატორის ბრძანებით) „წითელზე“, ავტომანქანების მოძრაობისას გადაირბინონ საავტომბილო გზებზე, რაც ახლოს – მით უკეთესი. რუსეთის ელექტრონულ დანაშაულებებთან ბრძოლის სამსახურის ინფორმაციით, 2012 წლის შემდეგ 100 ათასამდე მსგავსი შეტევა და თამაში აქვთ აღკვეთილი!..
*
ამიტომ, ახალწარმოქმნილ უცხოურ ან შინაურ (რომელიც, დარწმუნებული ვარ, როცა იქნება გამოჩნდება) ფილიპ ლისებს რომ გადავარჩინოთ ჩვენი, თითქმის მარტოდ დატოვებული მოზარდები, მთავარი თერაპიის სახით ინფორმაციის გავრცელება უნდა გამოვიყენოთ. ინტერნეტმა, მსგავსი საზიზღრობებისგან, თვითვე უნდა ისწავლოს განკურნება – დამალული, გაუთვითცნობიერებელი საქმისთვის ხომ „წყნარი სახლი“ არსებობს – თვითმკვლელთა და მათ კურატორთა თავშესაფარი…
*
და კვლავ ამიტომ, წაიკითხეთ, იფიქრეთ, გაანალიზეთ და შემდეგში, ყველას მოუყევით ამ, შემზარავ მანიპულიანტთა ისტორია, რომლებიც ენერგეტიკული, ემოციური ვამპირებით, მოზარდების გრძნობებით იკვებებიან, ხოლო ვისაც ხელი მიგიწვდებათ, ეცადეთ, რაც შეიძლება ახლოს იყოთ საკუთარ შვილებთან, არ მოაკლოთ არც სითბო და არც კონტაქტი, ეცადეთ, გაერკვეთ მათ რეალურ, სულიერ პრობლემებში, ესაუბროთ და ზომიერად აკონტროლოთ ისინი, განსაკუთრებით საკუთარი სხეულის დაზიანების თვალსაზრისით, მოუყვეთ მათ მოსალოდნელი, მსგავსი საფრთხეების შესახებ და ურჩიოთ, ისწავლონ, იკითხონ და შეიცნონ მეტი – ვინაიდან, 14-15 წლის ასაკში, თუ თავიც ცარიელი გაქვს, მცირედი იმედგაცრუება ან დამცირებაც საკმარისია, რომ „ლურჯ ვეშაპს“ ზურგზე მოახტე და … „შეცურო“.

კომენტარები გამორთულია