აფგან მუხთარლის საქმეზე გიორგი მღებრიშვილმა მედიასთან ისაუბრა

0
312

თქვენ როგორ ფიქრობთ, ვსხედვართ კაბინეტებში და არც ჩანაწერები ამოგვიღია, არც არავინ დაგვიკითხავს, ანუ საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაგვიტარებია? – ასე უპასუხა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ.

მღებრიშვილმა მედიას თხოვნით მიმართა, დაელოდოს გამოძიების შედეგებს.

„პირველ რიგში, სწორედ საქართველოს სახელმწიფოს ინტერესშია, ამ საქმეზე არავითარი კითხვა არ დარჩეს. გამოძიებით დადგინდება ფაქტობრივი გარემოებები და ყველა კითხვას შესაბამისი პასუხი გაეცემა, ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და თავი შევიკავოთ წინასწარი დასკვნების გამოტანისგან.

თქვენ როგორ ფიქრობთ, ვსხედვართ კაბინეტებში და არც ჩანაწერები ამოგვიღია, არც არავინ დაგვიკითხავს, ანუ საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაგვიტარებია? ყველა საგამოძიებო მოქმედებას, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ვერ გამცნობთ დაუყოვნებლივ. უნდა დაელოდოთ გამოძიების დასრულებას. პერიოდულად მოგეწოდებათ ინფორმაცია გამოძიების შედეგებზე“, – აღნიშნა მღებრიშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის დაკავებაში ქართული სამართალდამცავი სტრუქტურების მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და აღნიშნულს ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს.

როგორც მღებრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ საქმის ამგვარ ვერსიასთან საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს არავითარი შემხებლობა არ აქვთ და არც შეიძლება ჰქონდეთ.

კომენტარები გამორთულია