რუსთავის მერიაში აუდიტის დასკვნასთან დაკავშრებით განმარტებას აკეთებენ

0
528

2017 წლის პირველ ივნისს, საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს პარლამენტს 2016 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში მიაწოდა.

აუდიტის სამსახურის ანგარიშში მოხვდა რუსთავის მუნიციპალიტეტიც, კერძოდ:

2012-2013 წლებში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტმა შეისყიდა 2 მილიონი ლარის ღირებულების გზების მოწყობის სამუშაოები, ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე.

„ტელეგრაფი” რუსთავის მერიას დაუკავშრდა.

რუსთავის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი ნინო ნიკოლავა: „ეს არის 2012 წლის 6 აგვისტოს ხელშეკრულება, მრავალწლიანია, 2012 წელს უნდა განხორციელებულიყო მილიონი ლარის და 2013 წელს ისევ მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები, შიდა ეზოებისა და რკინიგზის სადგურის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამ ხელშეკრულებას ხელს აწერს მაშინდელი მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. ეს არის ძალიან ძველი ხელშეკრულება, როცა ახალი კანონის ძალაში შესვალმდე, საკრებულო განკარგავდა შესყიდვების თემას. შესაბამისად, ეს საკითხი, ეს ორ მილიონიანი, გადაუდებლით განხორციელებული შესყიდვა მოხვდა ანგარიშში, ვინაიდან არ უნდა ყოფილიყო მრავალწლიანი.”

ნიკოლავას თქმით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში 2013-2014 წლებისა და 2015 წლის 6 თვის განმავლობაში ადმინისტრაციული და საგზაო ინფრასტრუქტურის პროგრამის შესაბამისობის აუდიტის დასკვნის სამართალდამცავ ორგანოებში გადაგზავნა, სწორედ ზემოთხსენებული ხელშეკრულების გამო მოხდა.

ხელშეკრულებას მაშინდელი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კახა ბარათაშვილი აწერს ხელს. „ტელეგრაფი” ბარათაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა რომ ფაქტს ვერ იხსენებს და არც აუდიტის ანგარიშის შესახებ აქვს ინფორმაცია.

 

 

კომენტარები გამორთულია