გაიზრდება თუ არა გაზის ტარიფი

0
285

ბუნებრივი აირის ახალ ტარიფებთან დაკავშირებით სემეკის გადაწყვეტილება ივნისის შუა რიცხვებში იქნება მიღებული, – ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავამ ისაუბრა. კითხვაზე – გაიზრდება თუ არა გაზის ტარიფი, ირინა მილორავას განცხადებით, ყველას ექნება შესაძლებლობა დაესწროს სემეკის საჯარო სხდომებს.

“კომისიის აპარატმა თითქმის დაასრულა მუშაობა ბუნებრივი გაზის ტარიფებზე, რაც წარმოდგენილი იყო 4 კომპანიის მიერ – ეს არის განაწილების 3 ლიცენზიანტი კომპანია „ყაზტრანსგაზი”, „საქორგაზი” და „სოკარ ჯორჯია გაზი”, ასევე ტრანსპორტირების ლიცენზიანტის – „გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ წარმოდგენლი სატარიფო განაცხადი. ჩვენ ველოდებით, რომ უახლოესი 2 კვირის განმავლობაში დავნიშნავთ საჯარო სხდომებს. არის კიდევ რაღაც დეტალები დასაზუსტებელი, მათ შორის, საკმაოდ მნიშვნელოვანი კომპონენტების ნაწილში. ამდენად, საჯარო სხდომებზე გვექნება უკვე სრულყოფილი, ამომწურავი, დასაბუთებული ინფორმაცია ყველა იმ კომპონენტზე, რომლის გათვალისწინებაც მოხდება ტარიფში”, – განაცხადა მილორავამ.

მისივე თქმით, ბუნებრივი გაზის ტარიფებთან დაკავშირებით კომისიის გადაწყვეტილება იქნება ივნისის შუა რიცხვებში, თუმცა ძალაში შესვლის თარიღი სემეკის გადაწყვეტილებით განისაზღვრება.

წყარო:ipn

კომენტარები გამორთულია