ლიტერატურული კონკურსი საბავშვო მწერლებისა და ილუსტრატორებისთვის

0
101

პირველად საქართველოში, საბავშვო მწერლებისა და ილუსტრატორებისთვის იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული კონკურსი გამოცხადდა.

ამ თემასთან დაკავშირებით, 1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღეს, მწერალთა სახლში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე და მწერალთა სახლის დირექტორი ნატა ლომოური უძღვებოდნენ.

საბავშვო-საყმაწვილო ლიტერატურული კონკურსი ავტორებისა და ილუსტრატორებისათვის პირველად გამოცხადდა; საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და მწერალთა სახლის ერთობლივი პროექტი მიზნად ისახავს საბავშვო სალიტერატურო პროცესების განვითარებას, თანამედროვე საბავშვო ავტორების მოტივირებასა და წახალისებას. კონკურსის დაწესება ხელს შეუწყობს ახალი საბავშვო ლიტერატურული ნაწარმოებების შექმნას, ასევე, მომავალი თაობის წიგნიერების ამაღლებას.

საბავშვო ლიტერატურული პრემია გაიცემა წელიწადში ერთხელ, სამი განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფის ლიტერატურისთვის: ყველაზე პატარებისთვის ( 3-6 წწ), პატარებისთვის (6-12 წწ), ყმაწვილებისთვის (12-16 წწ). პრემია წარმოადგენს პრიზს და ფულად ჯილდოს.
ფულადი ჯილდო განსხვავებულია ნომინაციების მიხედვით.

პრემია მოიცავს 8 ნომინაციას:
1. საუკეთესო პოეტური წიგნი;
2. საუკეთესო პროზაული წიგნი;
3. საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი;
4. საუკეთესო საბავშვო დრამატურგია;
5. საუკეთესო საყმაწვილო პროექტი;
6. საუკეთესო დებიუტი;
7. საუკეთესო ნათარგმნი საბავშვო-საყმაწვილო წიგნი;
8. საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის.

საკონკურსო მასალები მიიღება მწერალთა სახლში 1 ივნისიდან 1 სექტემბრამდე და მათ 5 კაცისგან შემდგარი კონფიდენციალური ჟიური შეაფასებს.
გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება გაიმართება მწერალთა სახლში, 2017 წლის ოქტომბერში.
დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ, იხილეთ მწერალთა სახლის ვებგვერდზე: http://writershouse.ge/; ასევე, მწერალთა სახლის ფეისბუქ გვერდზე.

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY