საქართველოს პარლამენტმა „სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო

0
194

საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ დღეს საბოლოო, მესამე მოსმენით, ერთხმად მიიღო. კანონპროექტს პარლამენტის 95-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიას განცხადებით, ამ კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვანია და ის ხელს შეუწყობს სანერგე მეურნეობების განვითარებას საქართველოში.

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მთავარ გამოწვევად დღეს სწორედ პროდუქტიულობა და კონკურენტუნარიანობა იქცა. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ ხარისხიანი სათესლე და სარგავი მასალის შემთხვევაში, რაც იმის ერთ-ერთი წინაპირობაა, რომ წარმატებული მეურნეობები ვიქონიოთ. გარდა ამისა, კანონპროექტის მომზადება ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებიდანაც გამომდინარეობს, მათ შორის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებიდან“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

საქართველოში მეთესლეობის სქემისა და სათესლე და სარგავი მასალების ხარისხისა და სტანდარტების შესაბამისობის კონტროლის სისტემა დღემდე არ არსებობდა.

„აღსანიშნავია, რომ პროექტმა „დანერგე მომავალი“ მნიშვნელოვნად გაზარდა მოთხოვნა ნერგებზე. გასულ წელს მათზე მოთხოვნა თითქმის 4-ჯერ აღემატებოდა საქართველოში დამზადებული ნერგების რაოდენობას და, შესაბამისად, ძალიან ბევრი ადამიანი იძულებული გახდა იმპორტი განეხორციელებინა. გაჩნდა კითხვებიც – რამდენად არის ნერგები სერტიფიცირებული, რამდენად შეესაბამება სტანდარტებს და რამდენად პროდუქტიულია. ვფიქრობ, რომ ამ პროექტს საკმაოდ საინტერესო მომავალი აქვს, მათ შორის, ნერგების ექსპორტის თვალსაზრისით“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ექსპერტთა განცხადებით, კანონპროექტის მიღება იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მთავარ გამოწვევად დღეს სწორედ პროდუქტიულობა და კონკურენტუნარიანობა იქცა. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ ხარისხიანი სათესლე და სარგავი მასალის შემთხვევაში, რაც იმის ერთ-ერთი წინაპირობაა, რომ წარმატებული მეურნეობები ვიქონიოთ.

კანონპროექტის მიღებით მეთესლეობის სექტორში პასუხისმგებლობათა გადანაწილება მოხდება, შეიქმნება ეროვნული კატალოგი, რომელშიც შევა საქართველოს კლიმატური ზონებისთვის ყველაზე მეტად მისაღები ჯიშები, რომლებიც შემოწმებული იქნება როგორც ინდივიდუალობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე, ასევე სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე. სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო – სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, თესლისა და სარგავი მასალის დაცვის სფეროში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა კი ბაზარზე ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის განთავსებას, სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობისა და ხარისხის ზრდას უზრუნველყოფს.

ექსპერტთა შეფასებით, კანონპროექტი ევროკავშირთან საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს პასუხობს და მისმა მიღებამ ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში სანერგე და სათესლე მეურნეობების განვითარებას, ხარისხიანი სათესლე და სანერგე მასალის გავრცელებას და, შესაბამისად, ფერმერების კეთილდღეობის ამაღლებას.

კანონპროექტი განსაზღვრავს სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო – სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, თესლისა და სარგავი მასალის დაცვის სფეროში სახელმწიფო რეგულირების ერთიან პრინციპებს და არეგულირებს ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის წარმოებასთან, აღწარმოებასთან, გადამუშავებასთან, შენახვასთან, სერტიფიცირებასთან, რეალიზაციასთან, მიკვლევადობასთან და ადგილობრივ და იმპორტირებულ თესლსა და სარგავ მასალასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. განსაზღვრულია ასევე პასუხისმგებლობის ზომები კონკრეტული სახის სამართალდარღვევისათვის.

კომენტარები გამორთულია