მაია მიმინოშვილი – ქალაქის სკოლის მოსწავლეებს გაცილებით უკეთესი შედეგები აქვთ, ვიდრე სოფლის და რეგიონების სკოლის მოსწავლეებს

0
289

ალექსანდრე ჯეჯელავა – სოფლებში ეროვნული სასწავლო გეგმა, სინამდვილეში, დანერგილი არ არის

სოფლებში ეროვნული სასწავლო გეგმა, სინამდვილეში, დანერგილი არ არის, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ეროვნული სასწავლო გეგმა 2000 სოფელში ჯერ კიდევ მისატანია.
“2016 წელს დამტკიცდა ეროვნული სასწავლო გეგმა. ერთია, რომ ქაღალდზე დავწერეთ და დავამტკიცეთ ეროვნული სასწავლო გეგმა, დოკუმენტს ბეჭედი დავარტყით და მეორეა, რომ 2000 სოფელში ეს მისატანია და სასწავლებელი. ჩვენ ხანდახან გვჩვევია ასეთი რაღაც – დოკუმენტი დავწერეთ, გვგონია, რომ ხვალ უკვე შედეგები უნდა დადგეს. ეს სისტემა ასეთი არ არის. მაგალითად 60 ათას მასწავლებელს ვიდრე ასწავლი და კარგად აუხსნი, როგორ მუშაობს ეროვნული სასწავლო გეგმა და მისი მიდგომა, რა თქმა უნდა, წლები გავა”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

როდესაც სოფლის სკოლის მოსწავლეებსა და ქალაქის სკოლის მოსწავლეების შედეგებს შორის დიდი სხვაობაა, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვარღვევთ თანაბარი ხელმისაწვდომობის ფუნდამენტურ პრინციპს, – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა ჟურნალისტებს კონფერენციის – “სახელმწიფო და საერთაშირისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები” დაწყებამდე განუცხადა.
როგორც მიმინოშვილმა აღნიშნა, კვლევის შედეგებში დაფიქსირებულია, მათ შორის, ეს საკითხი, რაც სოფლისა და ქალაქის სკოლის მოსწავლეების შედეგებს ეხება.

“როდესაც სოფლის სკოლის მოსწავლეებსა და ქალაქის სკოლის მოსწავლეების შედეგებს შორის დიდი სხვაობაა, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვარღვევთ ფუნდამენტურ პრინციპს თანაბარი ხემლისაწვდომობისა. სამწუხაროდ, ეს არის დაფიქსირებული კვლევის შედეგებში, რომ ქალაქის სკოლის მოსწავლეებს გაცილებით უკეთესი შედეგები აქვთ, ვიდრე სოფლის და რეგიონების სკოლის მოსწავლეებს. ცალკე რეგიონს ვერაფრით ვერ გამოვყოფ. ერთადერთი გამოვყოფდი იმ რეგიონს, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ”, – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

მისივე თქმით, მოსწავლეების მიღწევებზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორის მასწავლებლის კვალიფიკაცია.

“მე მაინც დავიწყებდი ქვეყანაში განათლების სისტემის მოწყობით, ეროვნული სასწავლო გეგმით, რომელიც განათლების სამინისტრომ დაგეგმა და საინტერესოა, მივაღწიეთ თუ არა იმ შედეგს, რაც დაგეგმილი იყო. აღმოჩნდა, რომ მიღწეულ ეროვნულ სასწავლო გეგმასა და დაგეგმილ ეროვნულ სასწავლო გეგმას შორის დიდი სხვაობაა”, – აღნიშნა მიმინოშვილმა.

წყარო:ipn

კომენტარები გამორთულია