რუსთავის მერია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

0
970

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, იმის თაობაზე, თითქოს ქალაქის ბიუჯეტმა სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლებისათვის კომპენსაციის გადახდის შედეგად, 200 000 ლარამდე ზარალი განიცადა, არ შესაბამება სინამდვილეს. ეს ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებული მორიგი სიცრუეა. რუსთავის მერიას, მერიიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებთან დაკავშირებით, არც ერთი სამართლებრივი დავა არ წაუგია, გარდა ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის პროცესისა. აღნიშნული პროცესიც, არის პირველი ინსტანცია, ექვემდებარება გასაჩივრებას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება შეიცვლება და კომპენსაციის მოთხოვნაც არ დაკმაყოფილდება.” – ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ის დღეს სოციალური ქსელით გავრცელდა, რომელსაც ასევე უცვლელად გთავაზობთ:

„რუსთავის მერის არაკომპეტენტურობის გამო ქალაქის ბიუჯეტმა დაახლოებით 200 000 ლარამდე იზარალა და ზარალი შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან სარჩელების უმეტესი ნაწილი ჯერ კიდევ განხილვაშია.
სწორედ ეს მერი რუსთაველ სტუდენტებს ეუბნებოდა, რომ ქალაქის ბიუჯეტს სტუდენტური ტარიფის საშუალება არ ჰქონდა.

ენმ-ის რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის წევრის გურამ ლაცაბიძის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობა არა მხოლოდ სათავისოდ იყენებს ბიუჯეტს, მას არამიზნობრივადაც ფლანგავს და უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლების ანაზღაურებაში იხდის, და ყოველივე ამის შემდეგ, უარს ეუბნება სტუდენტებს, მომავალ თაობას, სამგზავრო ტარიფის განახევრებაზე. გარდაუვალი და აუცილებელი გახდა, რაც შეიძლება მალე ვუთხრათ – არა, მათ არაკვალიფიციურობას.” – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, რუსთავის მერიიდან გათავისუფლებული ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მიხეილ თათარაძის სარჩელი, რუსთავის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა და რუსთავის მერიას თათარაძის სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დააკისრა.

ასევე, ცნობილია, რომ რამდენიმე თვის წინ, სასამართლოს გადაწყვეტილებით სამსახურს დაუბრუნდა რუსთავის ერთ-ერთი ბაღის გამგე და განაცდური ხელფასიც მიიღო, კომპენსაციის სახით.

არსებული ინფორმაციით, მერიასთან ამ ეტაპზე სამსახურიდან უკანონო დათხოვნის თაობაზე კიდევ რამდენიმე საჯარო მოხელის საქმეა სასამართლოში.

„ტელეგრაფი” დაინტერესდა, სულ რამდენმა გათავისუფლებულმა თანამშრომელმა მიმართა სასამართლოს და რუსთავის მერიიდან ინფორმაცია გამოითხოვა, რომელსაც შესაბამისი ვადების გათავლისწინებით მივიღებთ და შემოგთავაზებთ უახლოეს პერიოდში.

მერიის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, სასამართლოს გადაწყვეტილებით თანამდებობაზე ბრუნდება

კომენტარები გამორთულია