რა ეტაპზეა სტუდენტური ტარიფის შემოღების საკითხი რუსთავი-თბილისის მარშრუტზე

0
756

თებერვლის თვეში მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რუსთავ-თბილისის მარშრუტზე ავტობუსების მოძრაობასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. რუსთაველთა უმეტესობა იდეას დადებითად, სატრანსპორტო სფეროში მომუშავე ადამიანები კი სკეპტიკურად აფასებენ.

„სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდები თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ვგულისხმობ ავტობუსებს, სარგებლობენ 20 თეთრიანი ტარიფით. როდესაც ვთქვი, რომ სტუდენტები ისარგებლებენ იგივე შეღავათით, რითაც სარგებლობენ თბილისში, სწორედ ეს ვიგულისხმე.” – განაცხადა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ბეგაძემ ტელეგრაფთან საუბრისას. აღნიშნული პერიოდიდან სამი თვე გავიდა, გაზეთი „ტელეგრაფი” მოლაპარაკებების მიმდინარეობით დაინტერესდა.

– ბატონო გიორგი თემა, რომელიც ძალიან დიდ ინტერეს იწვევს, თქვენ ხართ ინიციატორი სტუდენტური ტარიფის შემოღების, რამდენიმე თვის წინ განაცხადეთ, რომ აქტიურად მუშაობთ რათა რუსთაველმა სტუდენტებმა ისარგებლონ, თბილისელი სტუდენტების მსგავსად შეღავათიანი სატრანსპორტო ტარიფით, თუ არის ამ მიმართულებით რაიმე ნაბიჯები გადადგმული?

– ეს არის პროცესი, გავაჟღერეთ ის, რომ რეალურად ნაბიჯები გადაიდგა, ეს პროცესი მიმდინარეობას, არ გაჩერებულა, უბრალოდ ამ დიდ სქემაში ყველაფერი დაკავშირებულია ბიუჯეტთან…

– თუ ჯგუფებთან, რომელებიც სატრანსპორტო სფეროს აკონტროლებენ?

– ვერ ვიტყვი მაგას, არავითარი ესეთი ნიშნები და მიდგომები არ არის, ეს არის ჩვენი პროექტი, ძლიერი არგუმენტებით გაჯერებული პროექტი, რომელიც დღეს თუ ხვალ აუცილებლად გაკეთდება. უბრალოდ გიორგი ბეგაძე იყო ამის ინიციატორი. მე როგორც რუსთაველი ვფიქრობ, რომ ამის გარეშე არ შეიძლება, ქალაქებს შორის უნდა არსებობდეს ის ინფრასტრუქტურა რაც აუცლებელია. სირცხვილია ორ ქალაქს შორის სადაც ასეთი წარმატებული სტუდენტები გვყავს ხდებოდეს ტაქსებით გადაადგილება, მიკროავტობუსებიც ტაქსები არიან, მათ ააქვთ თავიანთი საქმე, თავიანთი ბიზნესი და ამ ბიზნესს ეს არ შეეხება, იმიტომ რომ მოთხოვნა მაღალია, რეალურად, ლამის რიგში დგანან ადამიანები და რუსთავის მთელ ქუჩაზე ფეხით მოძრაობენ, რომ ტრანსპორტში ავიდნენ, ამიტომ ეს არანაირად არ შეუშლის არავის განვითარებას ხელს, უბრალოდ როგორც ყველა ნორმალურ ქვეყანაში, ქალაქებს შორის უნდა არსებობდეს ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალებები და არამარტო ავტობუსები.

– თუმცა გეტყვით, რომ წინახელისუფლების დროს, როდესაც მომსახურების სააგენტო გაიხსნა, დედაქალაქის ავტობუსები შემოდიოდნენ რუსთავის შემოსასვლელამდე და მაშინ სწორედ სამარშუტო ხაზების ძალისხმევით მოხდა ის რომ, არ შემოდიან, სწორედ ამიტომ გიხსენეთ დაინტრესებული ჯგუფები, ხომ არ განმეორდება იგივე?

– ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას და გვინდა, რომ სრულფასოვანი ქვეყანა იყოს, სამარშუტო ტაქსებიც მოძრაობდნენ, ტაქსებიც, ავტობუსებიც, მეტროც და ადამიანებს ჰქონდეთ შერჩევის შესაძლებლობა რითი უნდა იმგზავრონ და რუსთაველ სტუდენტებს კიდევ ჰქონდეთ შესაძლებლობა, რა შესაძლებლობითაც სარგებლობენ თბილისში.

წყარო: გაზეთი „ტელეგრაფი” – 29.05.2017წ.

გაზეთი „ტელეგრაფი” გამოდის ყოველ ორშაბათს და ვრცელდება ქალაქ რუსთავის ტერიტორიაზე. გაზეთის შეძენა შესაძლებელია საგაზეთო ჯიხურებში. 

კომენტარები გამორთულია