როგორ დააგროვა მილიონიანი ქონება და ააშენა აივანი ზღვის ხედით გიორგი ბეგაძემ

0
2167

თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია გიორგი ბეგაძემ პირველად, 2016 წლის დეკემბერში შეავსო, საქართველოს პარლამენტის წევრის რანგში.

გიორგი ბეგაძე მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს. შესაბამისად დეკლარაციაში ასახულია ოჯახის ყველა წევრის საკუთრება და შემოსავალ- გასავალი.

ასე გამოიყურება დეპუტატის უძრავი ქონების ჩამონათვალი:

ბინა საქართველო, თბილისი, გორგასლის37/157, ფართობი – 50.00 კვ.მ

არასაცხოვრებელი ფართი საქართველო, თბილისი, გორგასლის37, ფართობი – 18.00 კვ.მ

მიწის ნაკვეთი საქართველო, რუსთავი, მე-7 მიკროს მიმდებარე ტერიტორია, ფართობი – 5000.00 კვ.მ

მიწის ნაკვეთი საქართველო, ყვარელი, წინკლდეები, ფართობი – 10000.00 კვ.მ

მიწის ნაკვეთი საქართველო, ყვარელი, წინკლდეები, ფართობი – 1000.00 კვ.მ

საცხოვრებელი სახლი საქართველო, გრიგოლეთი, ფართობი – 240.00 კვ.მ

მიწის ნაკვეთი საქართველო, ბაკურიანი, ფართობი – 422.00 კვ.მ ნიკოლოზ ბეგაძე (შვილი)

მიწის ნაკვეთი საქართველო, ყვარელი, წინკლდეები, ფართობი – 5650.00 კვ.მ

დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატს კრედიტი აქვს აღებული, რომლის ოდენობაც დეკლარაციის შევსების დროს 14 000 ლარი იყო. ასევე დეკლარაციის შევსების დროს გიორგი ბეგაძეს ნაღდიფულის სახით 14000.00 დოლარი და 9000.00 ევრო ჰქონდა, რომლის წარმომავლობაც დეკლარაციაში მითითებული არ არის.

დეკლარაციის მიხედვით, 2015 წელს გიორგი ბეგაძემ როგორც ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ხელფასის სახით 36000.00 ლარი მიიღო.

გიორგი ბეგაძემ და მისმა მეუღლემ 2015 წელს მიწის გასხვისებიდან შემოსავალი მიიღეს, ჯამში ერთობლივად 4000 ლარი.

– ბატონო გიორგი ერთ-ერთმა ორგანიზაციამ მილიონერ დეპუტატთა სია გამოაქვეყნა, სადაც მართალია ბოლოში იყავით, მაგრამ მაინც მოხვდით, 1 024 920 ლარიანი ქონებით. მართლა ფლობთ მილიონიან ქონებას?

– არ ვიცი როგორ დაითვალეს, მეც ხელახლა გადავთვალე მერე…

– გამოქვეყნების მერე გაიგეთ რომ მილიონერი იყავით?

– ჩემი ქონება არის ის, რაც დეკლარაციაში წარვადგინე, ბოლო 10 წლის განმავლობაში ვმუშაობ საგანამანათლებლო სისტემაში, არანაირი ბიზნესი არ მქონია, თუ რამეს ვფლობ, გულწრფელად გეუბნებით, ჩემი დაუღალავი შრომით ვფლობ. შეიძლება რაღაცეები დაითვალეს ძალიან მაღალ ფასებში, მაგრამ რასაც ვფლობ, ვფლობ… გადავხედე ინტერესით ვინ არიან მილიონერებითქო და ჩემი სახელი და გვარი რომ აღმოვაჩინე ჯერ ცოტა გავბრაზდი და მერე ღიმილით შევხედე ამ ამბავს და რატომაც არა, საქართველოში ვისურვებდი რომ ყველა მილიონერი იყოს, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ ლარი გაუფასურდეს… გულწრფელად გეტყვით, აივანი მინდოდა მქონოდა ზღვის ხედით, აივანს როგორ ააშენებ სახლი თუ არ გაქვს და ავიღე კრედიტი. უნივერსიტეტში ვმუშაობდი და კრედიტით ავაშენე სახლი. რა თქმა უნდა მარტო კრედიტით ვერ ავაშენებდი, ზაფხულში ჩავდიოდი ჩემს შვილებთან ერთად და ჩემი ხელით ვაშენებდი. შეიძლება ზღვაზე სახლი შეაფასეს როგორც…

– და ააშენეთ ძალიან კარგ ადგილზე, ბიძინა ივანიშვილის მეზობლად

– არაა…

– არ ხართ მეზობლები?

– არაა, მე გრიგოლეთში ავაშენე

– არ გსმენიათ ამბავი, როგორ გახდით მაჟორიტარი დეპუტატი?

– (იცინის) არაა, როოგორ?

– ქალაქში ამბობენ, ხე ვერ შეიტანა ბიძინამ ეზოში და ბეგაძემ გაატარებინაოო…

– ჭიშკარი გავუხსენი?

– არა კედელი დაგინგრევიათ რომ გაგეტარებინათ

– რას ლაპარაკობთ, ძალიან კარგი ისტორიაა, ძალიან სასიამოვნო იქნებოდა თუ ბატონი ბიძინას მეზობელი ვიქნებოდი, რატომაც არა…

წყარო: გაზეთი „ტელეგრაფი” – 29.05.2017წ.

გაზეთი „ტელეგრაფი” გამოდის ყოველ ორშაბათს და ვრცელდება ქალაქ რუსთავის ტერიტორიაზე. გაზეთის შეძენა შესაძლებელია საგაზეთო ჯიხურებში. 

კომენტარები გამორთულია