გიორგი მღებრიშვილი საზღვარგარეთ წარგზავნილ საქართველოს პოლიციის ატაშეებს შეხვდა

0
233

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოს შსს-ს მიერ სხვადასხვა ქვეყანაში წარგზავნილ პოლიციის 12 ატაშეს შეხვდა და საგანგებო თათბირი გამართა.

ატაშეებმა მინისტრს გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალური ანგარიში ჩააბარეს და დავალებები მიიღეს. შეხვედრაზე შს მინისტრმა ხაზი გაუსვა ეფექტური საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის განხორციელებისთვის პოლიციის ატაშეების ინსტიტუტის მნიშვნელობას. როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, ვიზალიბერალიზაციის შემდგომ, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში წარგზავნილი ატაშეების როლი კიდევ უფრო გაიზარდა.

შს მინისტრმა მიმდინარე წლის აპრილის თვეში ევროპოლთან გაფორმებული ოპერატიული თანამშრომლობის შეთანხმების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„ძალიან მალე ჩვენი პარლამენტი მოახდენს შეთანხმების რატიფიცირებას და თქვენს რიგებს შეემატება მეკავშირე ოფიცერი ევროპოლში, რომელსაც სულ რამდენიმე თვეში წარვგზავნით. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ვითანამშრომლოთ ევროპოლთან და ევროპოლის მეშვეობით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სამართალდამცავ ორგანოებთან, როგორც ოპერატიული, ასევე, არაოპერატიული მიმართულებით, უსაფრთხო არხის მეშვეობით გავცვალოთ მნიშვნელოვანი საპოლიციო და ოპერატიული ინფორმაცია, მონაწილეობა მივიღოთ ევროპოლის ფარგლებში ორგანიზებულ ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფებში“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

შეხვედრის დასასრულს გიორგი მღებრიშვილმა თითოეულ ატაშეს გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

კომენტარები გამორთულია