გოგონა საოცარი ხმით და იშვიათი ბუნებით

0
4912

ინტერვიუს ჩაწერაზე ინსტრუმენტით მოვიდა, შემდეგ რეპეტიციაზე მიდიოდა… რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკის შესასვლელში, ბორდიულზე იჯდა და მელოდებოდა… საშინელი ქარი იყო, სუფთა ჰაერზე გასეირნება არ გამოგვივიდა. გადავწყვიტეთ სადმე მყუდრო გარემოში დავმსხდარიყავით და გვესაუბრა. სანამ პარკიდან მერიის მოედნამდე მივედით, უკვე მეგონა რომ დიდი ხნის გაცნობილი მყავდა… საოცრად კომუნიკაბელური, ხალასი და ბევრ სიკეთეს რომ აფრქვევს ისეთი გოგოა. ზრდასრული და შემდგარი ადამიანი… უზომოდ თბილი, მგონია რომ წლებია ვიცნობ და თან, ტოლები ვართ, საოცარი ემოციებით დატვირთული დავბრუნდი შეხვედრიდან.

როგორც ამბობს, ძალიან ზარმაცია, მაგრამ 16 წლის ასაკში მოახერხა ის, რომ არა მარტო მშობლიურ ქალაქში, მის ფარგლებს გარეთაც უსმენენ. უსმენენ როგორც ახალგაზრდა, ნიჭიერ შემსრულებელს, მიუხედავად იმისა რომ ცნობილი მშობლების შვილია, მისთვის ეს
ნიშა არასდროს ყოფილა წინსვლის მიზეზი, უფრო მეტიც, ძალიან ბევრმა არც კი იცის მისი წარმატებული მშობლების შესახებ.
მუსიკალურ წარმატებას, რამდენიმე თვის წინ კიდევ ერთი ახალი გამოწვევა დაემატა, ახალი საწავლო წლისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში ისწავლის ერთი წლით.
მოკლედ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, გაიცანით, ნინუცა კახიანი, ნიჭიერი ახალგაზრდა
შემსრულებელი რუსთავიდან.
– „თუთარჩელაში” ვმღერი მეცხრე წელია. ისე მამის დამსახურებაა, რომ ბავშვობიდან ვმღერი, მამასთან ერთად დავიწყე სიმღერა 3 წლიდან, მერე შემთხვევით ჩვენმა (თუთარჩელა) ხელმძღვანელმა დამინახა, მანამდე სხვა გუნდში ვიყავი და მოვეწონე. მაშინ იკრიბებოდა
„თუთარჩელას” მესამე თაობა და ასე მოვხვდი

– მამას უნდოდა რომ მუსიკის მიმართულებით წასულიყავი?
– კი, ისე არ ერევა ხოლმე უხეშად ჩემს გადაწყვეტილებებში, მაგრამ უნდოდა.
– ალბათ დედას არ ენდომებოდა ჟურნალისტიკით დაინტერესებულიყავი
– შეიძლება. სახიფათო პროფესიაა… მე ჩემი გამოცდილებით არასდროს, ერთხელაც არ გამჩენია
სურვილი
– იმიტომ, რომ ყოველთვის გაკლდა დედა?
– ზუსტად.
– როცა დედა ტყვედ ჩავარდა, ისეთ ასაკში იყავი რომ მოვლენებს აღიქვამდი
– კი, 2003 თუ 2004 წელი იყო, ფრაგმენტულად მახსოვს რა ხდებოდა სახლში, ბევრი ჟურნალისტები მოდიოდნენ, პრინციპში მიხაროდა, იმიტომ რომ ძალიან იშვიათად
მოდიოდა ამდენი ხალხი ჩვენთან სახლში … ძალიან ვბრაზდებოდი როცა ტელევიზორში ვხედავდი  დედას, ვეძახდი და არ მაქცევდა ყურადღებას…
– ნინუცა გარდა იმისა, რომ მღერი „თუთარჩელაში„ გოგონებს გაქვთ ასევე ძალიან პოპულარული ჯგუფი
– ჯგუფი „დრო არ გვაქვს”, პირდაპირი მნიშვნელობით, მე, მარიტა და ელენე ძალიან დიდი ხნის მეგობრები ვართ, ერთად ვმღერით „თუთარჩელაშიც„ და ეს ტრიო ფაქტობრივად დიდი ხნის წინ შედგა და ოცნებად გვქონდა დაგვეკრა და გვემღერა. ვერ წარმოვიდგენდით თუ აგვისრულდებოდა, სამი წლის წინ, მამას დამსახურებით დავიწყეთ, მივედით მამა უკრავდა და ჩვენც დავუკარით
ჩვენთვის, იმ ბარში შედგა ჩვენი დებიუტი და მას მერე მართალია დრო არ გვაქვს მაგრამ მაინც ვახერხებთ ხოლმე.
– მამისგან რჩევებს იღებ?
– გააჩნია რას ეხება, ჩემი გემოვნების ჩამოყალიბებაში თავისთავად ითამაშა ძლიან დიდი როლი მამის რჩევებმა და მამის გემოვნებამ, ეხლა უკვე ერთმანეთს ვუცვლით გამოცდილებას, ინფორმაციებს ვცვლით ხოლმე, არის ჯგუფები, რასაც ახლა მე ვუსმენ, რაც თანამედროვეა და მამას არ აქვს შეხება და დრო რომ მოუსმინოს, მოძებნოს და ნახოს. არის ისეთი რაღაცეები რაც მე არ ვიცი და ვავსებთ ერთმანეთს. თითქმის ყველა სფეროში აუცილებელია ნებისყოფა, არ აქვს მნიშვნელობა სფეროს, მაქსიმალური ძალიასხმევის გამოყენებაა საჭირო წარმატების მისაღწევად, მე ხანდახან მიჭირს ხოლმე ეს, როგორც უკვე ვთქვი ძალიან ზარმაცი ვარ, ყველაზე მეტად მამა ამჩნევს იმას რომ არ ვაკეთებ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს და ამაზე გვაქვს ხოლმე
დავა.
– სად არის დედის რჩევები? 

– იშვიათად ვხვდებით ხოლმე ერთმანეთს, სულ მუშაობს. მამა ბავშვობიდან ზრდასრულ ადამიანად მაგრძნობინებდა ხოლმე თავს და დედა მაინც ვერ თმობს რაღაცეებს, თბილად ჩაიცვი, ჭამე, სკოლაში ჩემს სიზარმაცეზე, ნანას აქვს ეს პასუხისმგებლობა აღებული, ავსებენ ერთმანეთს. მამისგან უფრო თავისუფლება მქონდა ყოველთვის და ნანა უფრო მკაცრია, მაგრამ მეგობრული. თუმცა, როცა ვხვდები რომ პრობლემის მოგვარება ჩემით არ შემიძლია და ჩიხში შევდივარ, მამას ვერ ვეუბნები, იმიტომ რომ არ მინდა ზრდასრულის იმიჯი დავკარგო და დედასთან ბავშვი ვარ და მირჩევნია მას ვუთხრა, ძალიან რომ მიჭირს ხოლმე: – „დედა მიშველე!”.
– რაც შეეხება „ფლექსს”, რატომ გადაწყვიტე კონკურსში მონაწილეობის მიღება?
– სხვათაშორის არც მიფიქრია ამ ყველაფერზე. ერთი წლის წინ მამამ მაჩვენა ინტერნეტში რომ ასეთი საინტერესო ოლიმპიადა არსებობდა, დავინტერესდი, მაგრამ რატომღაც შემეპარა ჩემს თავში ეჭვი, თან არც ვიყავი მზად, იმიტომ, რომ ბევრი რაღაც გვქონდა ამ წელს დაგეგმილი. წელს, ჩემმა ქართულის მასწავლებელმა მითხრა რამდენიმე დღით ადარე, რომ მიიღე მონაწილეობაო და
მეც მინდოდა გამომეცადა ჩემი შესაძლებლობები. დიდი გეგმები და მოლოდინებით არ მივსულვარ, არც ველოდი რომ დამირეკავდნენ, მართლა არ ველოდი და ამიტომ არ გამჭირვებია ლოდინი, იქნებოდა იქნებოდა, არ იქნებოდა და არ იქნებოდა. ნანა ჩემზე მეტად ელოდებოდა, იმიტომ რომ ძალიან უნდოდა. სკოლაში სადაც მივდივარ ბენდია, ორკესტრი და არ ჩამოვრჩები მუსიკალურ მიმართულებას. იქაც ალბათ ბევრი სირთულეები შემხვდება. ყველაზე ნაკლებად შეგუების მომენტი მაღელვებს. მინესოტაში მივდივარ, ბობ დილანის სამშობლოა, კარგს არაფერს არ წერს მინესოტაზე, მაგრამ მთავარია იქიდან არის. ძალიან კარგი მშობლები მელოდებიან, გამოცდილები არიან, ერთი შვილი, როგორც ვიცი მუსიკით არის დაინტერესებული, დიდი შვილები ჰყავთ, მარტო ცხოვრობენ, ძალიან კარგი ხალხია.
– ჩემთვის აღმოჩენა იყო, რომ ქალაქში გიცნობენ, როგორც ნინუცას და არა ისე, როგორც ცნობილი ადამიანების შვილს, ის რაც აქვთ ხოლმე ასეთ შემთხვევაში შვილებს, შენ არ გაქვს, შენ ხარ ნინუცა, გქონდა როდესმე ამ მხრივ რაიმე კომპლექსი?
– ბავშვობაში ძალიან მოქმედებდა ხოლმე, სკოლაში ნანას შვილობით შევედი და მეგობრობაშიც სულ ეჭვი მეპარებოდა, რომ იმიტომ მემეგობრებოდნენ რომ ცნობილი ადამიანის შვილი ვიყავი, ალბათ ყველა ბავშვს დაემართებოდა ეს. მერე „თუთარჩელამ„ და მეგობრების წრემ ძალიან დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ მე სხვა ადამიანად და არა ნანას შვილად, არამედ ნინუცად ჩამოვყალიბდი. იმდენად გამიმართლა მეგობრებში, არასდროს არ მიგვრძვნია მათგან ეს, მითუმეტეს ელენესთან და მარიტასთან, ჩემზე დიდები არიან და მათ უფრო დიდი გავლენა ქონდათ ჩემს ჩამოყალიბებაში, ვიდრე ნანას, მათთან ძალიან დიდ დროს ვატარებ.
– ძალიან ხშრად გქონდა შანსი, რომ წასულიყავი და დედასთან ერთად გეცხოვრა თბილისში, მაგრამ ეს არ გააკეთე, რა არის შენთვის რუსთავი?
– კი, რუსთავი პატარა სამშბლოა მართლა, ვერ წარმომიდგენია რუსთავის გარეშე, მიუხედავად იმისა რომ ხანდახან ნაცრისფერ ქალაქად გვეჩვენება ხოლმე, ფერადი ადამიანები ცხოვრობენ. აქ გავიზარდე და ჩემთვის შეუძლებელია ამ ყველაფრის დატოვება მარტივად და წასვლა, იმიტომ რომ მეც მაქვს ჩემი ვალდებულებები რუსთავის, ან თუნდაც იმ ხალხის მიმართ, რომელთან ერთადაც
ვარ. ძალიან რთულია ამ ყველაფრის დატოვება, ბებო და ბაბუ ცხოვრობენ აქ, იმათი დატოვებაც
შეუძლებელია, იმიტომ რომ ისინიც ჩემს გამო არიან რუსთავში. მარტო ქალაქში ვერ გაძლებენ და სოფელში მოუნდებათ წასვლა.
– ძალიან გიყვარს ცხოველები…
– ცხოველების სიყვარულიც მამისგან მაქვს, მაგრამ მგონი ნანასაც შევაყვარეთ. მასაც ჰყავს ძაღლი. ჩვენი „ქუჩიკო” სხვათაშორის ჩემზე პოპულარულია. „ქუჩიკო” მეორე სკოლასთან ვიპოვეთ მე და ჩემმა მეგობრებმა, პატარა იყო, მაწანწალა, ქეცი ჰქონდა, გაჩუქება გვინდოდა, მაგრამ მერე ისე მოხდა რომ არ გამოჩნდა პატრონი, დავარქვით ქუჩიკო და უკვე 4 წლის ხდება, ძალიან ჭკვიანი
და კარი გოგოა. ამერიკულ ოჯახშიც მელოდება ორი ძაღლი და ორი კატა.
საბოლოოდ ვინ იქნება ნინუცა?
– მუსიკოსი გამოვალ, სხვა პროფესია ჯერ არ ვიცი, შეიძლება ფიზიკოსი-მუსიკოსი, მეცნიერება და მუსიკა ძლაიან ახლოს არის ერთმანეთთან.

ნინუცა კახიანი ცნობილი ჟურნალისტის და ტელეწამყვანის ნანა ლეჟავას და მუსიკოსის, ზაზა კახიანის შვილია.




კომენტარები გამორთულია