უძველესი მეღვინეობის კერა საქართველოში

0
211

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში, ძვ.წ. VI ათასწლეულით დათარიღებულ არქეოლოგიურ ძეგლებზე:  (იმირის გადაჭრილი გორასა და შულავრის გორაზე), საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ტორონტოს უნივერსიტეტის ერთობლივმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ერთთვიანი  სამუშაოები დაასრულა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, იმირის არქეოლოგიურ ძეგლზე,   გასვლითი შეხედრა გაიმართა,  რომელსაც ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები,  საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოსა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.

ექსპედიციის ხელმძღვანელმა  პროფესორმა  მინდია  ჯალაბაძემ, ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორ არქეოლოგებთან  ენდრიუ გრეჰემთან და  სტეფანე ბატიუკთან ერთად შეხვედრის დამსწრეებს წლევანდელი სამუშაოების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

შეხვედრაზე მხარეებმა  ყურადღება გაამახვილეს ძეგლის მნიშვნელობაზე,  განიხილეს მუზეუმის  კონცეფციის საკითხები და იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე.

შეგახსნებთ, რომ   2014 წლიდან საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს ღვინის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს  ერთობლივი საერთაშორისო პროექტი „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა’’, რომელიც ხელს შეუწყობს მსოფლიოში ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის განვითარებას და პოპულარიზაციას. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს საველე-არქეოლოგიური გათხრები ნეოლითური ხანის ნასოფლარზე – გადაჭრილ გორაზე და საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი სხვადასხვა ისტორიული ეპოქების ვაზის ნაშთების ინტერდისციპლინარული კვლევა.

ქართველ მეცნიერებთან ერთად პროექტში მონაწილეობენ პენსილვანიის, მილანის, კოპენჰაგენის, ტორონტოს უნივერსიტეტის, ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტისა და მონპელიეს აგრარული კვლევის ინსტიტუტის მკვლევარები. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის  წევრ-კორესპონდენტი დავით ლორთქიფანიძე. პროექტის მენეჯერია ლევან დავითაშვილი, პროექტის  კორდინატორია დავით მაღრაძე. არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელია ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური კოლექციების მთავარი კურატორი მინდია ჯალაბაძე.

ქვემო ქართლში (სოფ. იმირი) არქეოლოგიური კვლევის შედეგად აღმოჩენილია ძვ.წ. VI ათასწლეულით დათარიღებული, უძველესი ყურძნის წიპწები. კომპლექსური კვლევის შედეგად დგინდება, რომ ველური ვაზი ადამიანმა პირველად საქართველოს ტერიტორიაზე მოიშინაურა და  კულტურული ვაზისგან ღვინო დაწურა. კერამიკული ჭურჭლის ანაფხეკებში აღმოჩენილია კულტურული ვაზის მტვრის მარცვლები, რაც ამ ჭურჭელში ღვინის არსებობას ადასტურებს.

სამუშაოების შედეგად გამოვლენილია საცხოვრებელი ნაგებობები, სხვადასხვა შრომის იარაღები, ჭურჭელი, სამეურნეო ორმოები და სხვა. აღმოჩენილი მასალის დამუშავება და პალეო-ბოტანიკური კვლევა კიდევ უფრო ნათელ სურათს შექმნის საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უძველესი მეღვინეობა-მევენახეობის კულტურის შესახებ.

აღმოსავლეთ საქართველოს ნეოლითური ხანის ძეგლების არქეოლოგიური კვლევით დგინდება, რომ ამ პერიოდში საზოგადოება გადადის ცხოვრების ახალ ეტაპზე. იწყება მიწათმოქმედების აღმავლობა და ცხოველების მოშინაურების პროცესი.

2017 წელს ერთობლივ არქეოლოგიურ სამუშაოებში მონაწილეობას იღებდნენ  საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ტორონტოს უნივერსიტეტის  სპეციალისტები.

პროგრამის მიზანია ქართული კულტურული მემკვიდრეობის, მისი შემსწავლელი მეცნიერების – საქართველოს ისტორიისა და ისტორიული დისციპლინების – არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, პალეობოტანიკის პოპულარიზაცია.

კომენტარები გამორთულია