სეისმოლოგები მიწისძვრის შემდგომ ბიძგებს ელოდებიან

0
878

დღეს მომხდარ მიწისძვრას აუცილებლად მოჰყვება ე.წ. აფთერშოკული ღრუბელი, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობა ბიძგებს ისევ იგრძნობს, – ამის შესახებ საზოგადოებრივს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორმა თეა გოდოლაძემ განუცხადა. 

მისი თქმით, მიწისძვრის შემდგომი ბიძგები, განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება ბოდბის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მცხოვრებლებისთვის. 

“რაც მთავარია, შემდგომ ბიძგებს არ ექნება ის ეფექტი, რაც მთავარ ბიძგს ჰქონდა”- აცხადებს თეა გოდოლაძე.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი იყო ქალაქ დედოფლისწყაროს დასავლეთით 25 კმ-ში, სოფელ გამარჯვებადან 18 კმ-ში.

თავდაპირველად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტიქიის ეპიცენტრი იყო ქალაქ სიღნაღიდან სამხრეთ-დასავლეთით – 22კმ. სოფელი ქვემო ბოდბედან – 15კმ. 

საზოგადოებრივს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ სტიქიას ნგრევა არ მოჰყოლია. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრასთან დაკავშირებით, 112-ში გამოძახება არ დაფიქსირებულა.

სოფელ მაღაროში სიღნაღის გამგებლის წარმომადგენლის თენგიზ შაიშმელაშვილის ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია. ამის შესახებ მან „მოამბეს“ განუცხადა. მისივე თქმით, სტიქიას მოსახლეობაში პანიკა არ გამოუწვევია. 

წყარო

კომენტარები გამორთულია