საზოგადოებრივი კვების ობიექტები მოწმდება

0
230

სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სახელმწიფო კონტროლს საზოგადოებრივი კვების ობიექტებში. მოწმდება რესტორნებისა და კაფე-ბარების, ასევე მათი სამზარეულოების სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა, პროდუქტის შენახვისა და რეალიზაციის პირობები, სურსათის ეტიკეტირება, ტემპერატურული რეჟიმი.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს პრიორიტეტია საზოგადოებრივი კვების ობიექტებში უვნებლობის სტანდარტების უზრუნველყოფის მიზნით ეფექტიანი კონტროლის განხორციელება. სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, რათა ტურისტულად დატვირთულ ადგილებში მაქსიმალურად იყოს დაცული ადგილობრივი მომხმარებლის და ჩამოსული სტუმრების ინტერესი. მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ჩართულობაც, რაზეც საინფორმაციო კამპანიას ვატარებთ და მოვუწოდებთ მომხმარებელს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ითანამშრომლოს სააგენტოსთან“, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ.

მიმდინარე წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა 3687 ინსპექტირება განახორციელეს, მათ შორის 810 – საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, რომელთაგანაც საწარმოო პროცესი ან საქმიანობა შეუჩერდა 46-ს.
სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მომხმარებელთა ინტერესების დაცვას. სახელმწიფო კონტროლის მექანიზმებია ინსპექტირება, მონიტორინგი, ზედამხედველობა, დოკუმენტური შემოწმება, ნიმუშის აღება.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, სურსათთან დაკავშირებული დარღვევის შემთხვევაში დარეკოს ცხელ ხაზზე: 15-01.

კომენტარები გამორთულია