ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სტიქიის შედეგად დაზიანებული მიწის სავარგულები მოინახულა

0
947

10 ივნისს ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად სოფელ დისველში არსებული მიწის ფართობები დაზიანდა. სტიქიამ, რომელიც დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა, 1500 ჰექტრამდე მარცვლეული კულტურები გაანადგურა. მათ შორის დაზიანებული 12 ჰექტარი ვაზისა და კაკლის ნარგავები, ასევე სოფელში მაცხოვრებელთა საკარმიდამო ნაკვეთები. საბედნიეროდ სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლების სახურავები და გზა არ დაუზიანებია.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით შერაზადიშვილი დღეს დილიდან სოფელ დისველს ესტუმრა და ვითარებას ადგილზე გაეცნო. მისი განცხადებით, ფერმერთა უმრავლესობა სარგებლობს აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამით, რომელიც სეტყვისგან, ჭარბი ნალექისგან, ქარიშხლისგან და საშემოდგომო ყინვისგან მიყენებულ ზარალს ანაზღაურებს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მოსახლეობას განუმარტა, რომ ის მაცხოვრებლები, რომლებიც იხდიან მიწის გადასახადს, ზარალის შემთხვევაში გამგეობა ამ გადასახადისგან გაათავისუფლებს.
,,წუხანდელი სტიქიის შედეგად, რომელიც ძლიერი სეტყვის სახით იყო, დაზიანდა მიწის სავარგულები, რომელიც ადგილზე მოვინახულე. ფერმერებისთვის მიყენებული ზარალი არის ძალიან დიდი, რასაც სადაზღვევო კომპანიებთან გაარკვევენ. უშულოდ სოფელში კი დაზიანებულია საკარმიდამო ნაკვეთები, განადგურებულია სხვადასხვა კულტურა, მათ შორის ლობიო, სიმინდი და ხახვი. თვითონ შენობა-ნაგებობებზე ზარალი არ აღინიშნება. დახმარება ის შეგვიძლია, რომ ამ სოფლის მაცხოვრებლებს, ვისაც აქვს მიწის ნაკვეთები, რომლებზეც იხდიან ქონების გადასახადს, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დამთვლელი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის საფუძველზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება მათი მიწის გადასახადისაგან გათავისუფლების შესახებ“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა.

NO COMMENTS