განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

0
385

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებაში, დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, წარსულში ნასამართლევი ა. ი. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით და 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 2 ოქტომბერს, დაახლოებით 17:00 საათზე,  წარსულში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ნასამართლევი ა.ი. მივიდა ქ. გორში, კეცხოველის ქუჩაზე, სადაც მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ი. ო;  კ. კ.-სთან   და ბ. თ.-სთან  ერთად ხვდებოდა. ა.ი.-მ  ი.ო.-ს და იქ მყოფი საზოგადოების ზოგიერთი წევრის მიმართ გამოხატა უპატივცემულობა, რასაც  ურთიერთშელაპარაკება მოჰყვა, რა დროსაც ა.ი.-მ   ი.ო.-ს,  კ.კ.-ს და ბ. თ.-ს მოკვლა განიზრახა. მან “მაკაროვის” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა, რამდენიმე გასროლა განახორციელა კ. კ.-ს და ბ. თ.-ს მიმართ, ხოლო შემდეგ ორჯერ ესროლა ი.ო.-ს.  ა.ი.-მ თავისი ქმედებით ასევე განზრახ შეუქმნა ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის საფრთხე   აღნიშნული  პირების გვერდით მყოფ მოქალაქეებს.   ა. ი.-მ ვერ შეძლო  განზრახვის სისრულეში მოყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად კ.კ.-მ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, ხოლო ბ.თ.-მ –  ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.
სამართალდამცველებმა ა. ი. 4 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) და 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) წარედგინა.
გორის რაიონულმა სასამართლომ ა. ი. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და  სასჯელის სახედ და ზომად  17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები გამორთულია