კადრები, რომლის გამოც პოლიციის განყოფილების უფროსი გაათავისუფლეს

0
1734

ისან-სამგორის პოლიციის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შს სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულის მიზეზი ინტერნეტში გავრცელებული ვიდეომასალაა, სადაც ასახულია, თუ როგორ ხდება მე-7 განყოფილებაში პირის ჩხრეკა, შემდეგ კი გარეშე პირების თანდასწრებით მისი გაშიშვლება.

”ლიბერალი” წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ პოლიციის მე-7 განყოფილების შიდა კამერების მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისა და გავრცელებისთვის დაკავებულის, შოთა პაკელიანის დაკითხვის პროცედურაა ასახული. გამოცემის წყაროს განცხადებით, პაკელიანის ცემის ამსახველი კადრები არ არსებობს, ვინაიდან ოთახში, სადაც ის სცემეს, კამერები დამონტაჟებული არ ყოფილა. წყაროს ინფორმაციით, ვიდეოკადრებში ასევე ჩანს, როგორ ამოწმებენ პოლიციელები პაკელიანის ახლობლების კუთვნილ ტელეფონებს, შესაძლო კადრების წაშლის მიზნით.

ფიციალური ინფორმაციით¸მიმდინარე წლის 23 მარტს თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, პოლიციელებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გადამოწმების მიზნით შოთა პაკელიანი, რომელიც არ დაემორჩილა სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნას და მიმალვა სცადა, რა დროსაც წაიქცა და სხეულზე (სახის, ხელის და მუხლის არეში) მიიღო დაზიანებები. სამართალდამცავებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 0,0664 გრამი ნარკოტიკული საშუალება – ე.წ. “ბიო“ ამოიღეს.

ოფიციალურ ბრალდებას არ ეთანხმება ბრალდებულის ოჯახი. შოთა პაკელიანის ოჯახი სამართალდამცველებს ნარკოტიკული საშუალების ჩადებასა და ცემაში ადანაშაულებენ.

თბილისის პოლიციის ისან-სამგორის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსის გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით შს სამინისტრო განცხადებას ავრცლებს.

”2017 წლის 23 მარტს შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შოთა პ. დააკავეს. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ შოთა პ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პოლიციის განყოფილებაში დაკავებულის პირადი ჩხრეკისას განხორციელებულ პროცედურებთან დაკავშირებით, გამოძიებას საქართველოს სსკ-ს 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით პროკურატურა აწარმოებს. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან”, – აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები გამორთულია