მიუნხენის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

0
71

ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსსა და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი ისტორიული მნიშვნელობის პროექტია, რომელიც დიდ ზეგავლენას მოახდენს საქართველოს განვითარებაზე.

„ორი დღის წინ ხელი მოეწერა ქუთაისის  საუნივერსიტეტო კომპლექსსა და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის თანახმად, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი შემოდის ამ პროექტში, არა როგორც კონსულტანტი, არამედ  პარტნიორად. ამით ქუთაისის უნივერსიტეტი ხდება ერთობლივი პროექტი მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად. მიუნხენის უნივერსიტეტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე სასწავლებელია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი, ჩამოყალიბდეს საერთაშორისო რეგიონული განათლების ცენტრად და ქუთაისი მართლაც გახდება საერთაშორისო განათლების მნიშვნელოვანი კერა, როგორც ეს იყო ისტორიულად. გილოცავთ ამ ძალიან დიდ წარმატებას! მოხარული ვარ, რომ საქართველო თანდათან ხდება პოპულარული არა მხოლოდ მეზობელ ქვეყნებში, არამედ საკმაოდ დაშორებული ქვეყნებიდანაც ჩამოდიან სტუდენტები განათლების მისაღებად. ქუთაისის უნივერსიტეტი იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო ინსტიტუცია ევროპაში. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ ამ პროექტის წარმატებაში,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები გამორთულია