1-ელი აგვისტოდან სურსათში ტრანსცხიმის ნორმა განისაზღვრება

0
130

სურსათის ეროვნულ სააგენტოში სურსათის მწარმოებლებთან, დისტრიბუტორებთან და იმპორტიორებთან შეხვედრა გაიმართა. სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ბიზნესოპერატორებს გააცნეს „სურსათში ტრანსცხიმის ნორმის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის #262 დადგენილება, რომელიც 2017 წლის პირველ აგვისტოს შედის ძალაში.
ახალი რეგულაციის მიხედვით, სურსათში ტრანსცხიმის შემცველობა 100 გრამ მცენარეულ ცხიმში არ უნდა აღემატებოდეს 2 გრამს, ხოლო ჩვილ ბავშვთა და სკოლამდელი ასაკის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი სურსათი ტრანსცხიმს არ უნდა შეიცავდეს.
აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, ბიზნესოპერატორი ვალდებულია სურსათი ამოიღოს რეალიზაციიდან და გაანადგუროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაჯარიმდება 1000 ლარით. ტრანსცხიმის ნორმის განსაზღვრის მიზნით, მიმდინარე წელს სურსათის ეროვნული სააგენტო ლაბორატორიული კვლევისთვის 136 ნიმუშს აიღებს.
ტრანსცხიმი არის ცხიმოვანი მჟავა, რომელიც წარმოიქმნება საწარმოო პროცესში ცხიმების ნაწილობრივი ჰიდროგენიზაციის დროს. ხშირად იყენებენ რძის შემცველ პროდუქტებში, მაგალითად, მარგარინში, სპრედში, ნაყინში, საკონდიტრო ნაწარმში, სწრაფი კვების პროდუქტებში და სხვა.

კომენტარები გამორთულია