რუსთავის აზოტიდან გათავისუფლებული თანამშრომლების სასამართლო პროცესი გადაიდო

    0
    433

    რუსთავის „აზოტიდან” გათავისუფლებული თანამშრომლების მოსამზადებელი სასამართლო სხდომა გადაიდო. მოსამართლემ მხარეთა მიერ დაყენებული რამდენიმე შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით პროცესი გადადო.

    მოსარჩელე მხარემ სასამართლოზე მოპასუხე მხარისგან, იმ ხელშეკრულების წარმოდგენა მოითხოვა, რის საფუძველზეც სს „რუსთავის აზოტი” კომპანია „ეუ ინვესტმენტის” კუთვნილ ქონებაში ოპერირებს.

    მოსამართლემ ასევე, ჩათვალა საჭროდ გაეცნოს დოკუმენტაციას, თუ როგორ მოხდა შპს „რუსთავის აზოტის” კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონების აუქციონზე გატანა და შემდეგ მისი შესყიდვა. სასამართლო აღნიშნული ინფორმაციის გამოთხოვას თბილისის სააუქციონო სახლიდან აპირებს.

    შეგახსენებთ, რუსთავის აზოტიდან გათავისუფლებული 62 თანამშრომელი სააქციო საზოგადოება „აზოტს“ სამსახურიდან უკანონო გათავისუფლებას ედავება. მოსარჩელე მხარე, რომელსაც პროფკავშრები წარმოადგენს, სამსახურიდან გათავისუფლებულების თანამდებობებზე უპირობო აღდგენას და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს. სს „რუსთავის აზოტის” დაცვის მხარემ კი, პირველ მოსამზადებელ სხდომაზე, პროცესში მათი ჩართულობის თავიდან აცილება მოითხოვა. რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

    შემდეგი მოსამზადებელი სხდომა 17 ივლისს ჩაინიშნა.

     

    კომენტარები გამორთულია